LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე პარლამენტარებმა სააკაშვილის საკითხი განიხილეს

87
Untitled design (3)

საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით საკითხი დააყენა.

ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს:

“შეხვედრაზე ეს საკითხი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ დააყენა, რაზეც პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოში სასამართლომ და ეს ყველაფერი ქართული კანონმდებლობით უნდა მოხდეს.

ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოგვიწოდა, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია იყოს”, – აღნიშნა სამხარაძემ.

ბოკუჩავას თქმით კი, დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს:

“მესმის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია, მაგრამ დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვინაიდან “ქართულმა ოცნებამ” დაადასტურა, გეტყვით, რომ დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი დავსვი, რადგან ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა და ახლა არის მომენტი, როცა პოლიტიკური ძალები უნდა ახდენდნენ კონსოლიდაციას, სხვათა შორის, ამისკენ მოგვიწოდებს თავად პრეზიდენტი სააკაშვილიც, რათა სწორად გავუმკლავდეთ სერიოზულ საგარეო გამოწვევებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე განხორციელდა ასევე პოლონეთის პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ პოლონეთს კარგად ესმის, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საქართველო”, – თქვა მან.

ვიდეო: ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა