Hennessey Venom F5-ის შემქმნელები ჰიპერქარის ოფიციალურ მაქსიმალურ სიჩქარედ 500 კმ/სთ-ს ასახელებენ. ყოველი ახალი ცდის დროს პროექტის ავტორები ამ მაჩვენებელს სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან. მანამდე ავტომობილმა 322 და 402 კმ/სთ-ში სიჩქარის ზვარი გადალახა. ამჯერად კი ინჟინრებმა პირადი რეკორდი დაამყარეს, ჰიპერქარი რომელსაც უსაფრთხოების ბალიშები არ აქვს საცდელ პოლიგონზე 437 კმ/სთ-მდე გაახურეს.
ამ ცდების მთავარი მიზანი საჭის მექანიზმის გამართვა, ძრავის, სამუხრუჭე სისტემის და აეროდინამიკის შემოწმებაა. მიუხედავად საკმაოდ შთამბეჭდავი სიჩქარისა, ბრენდის შემქმნელმა ჯონ ჰენესიმ დააზუსტა რომ კომპანია მთავარ აქცენტს წარმოებაზე აკეთებს და სიჩქარის მაჩვენებლების ზრდა პრიორიტეტი ნამდვილად არ არის. წლის ბოლომდე ისინი 12 ჰიპერქარის აგებას გეგმავენ.
Hennessey Venom F5-ის კაპოტის ქვეშ 6,6 ლიტრის მოცულობის V8 ძრავაა მოთავსებული და აგრეგატს 1817 ცხენის ძალა აქვს. პირველ 100 კმ-მდე სუპერქარი 2,6 წამში ხურდება, ხოლო 400 კმ/სთ სიჩქარის ნიშნულს მოდელი 15,5 წამში აღწევს.