LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბარემ ყველა გაგზავნეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. ბარემ ბოქლომით დაკეტეთ რესპუბლიკა” – ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში სამხედროების გაგზავნას უკმაყოფილება მოჰყვა

1443
BeFunky-collage (3)

ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინაში ადგილობრივი ჯარისკაცების უკვე მეორე პარტია გააგზავნეს. ამის შესახებ კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.

კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ჯარისკაცები ავტობუსებითა და კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანებით, ცხინვალში განთავსებული მე-4 საოკუპაციო ბაზის ტერიტორიას.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ „ესენი არიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში განლაგებული რუსეთის ფედერაციის მეოთხე ბაზის სამხედროები, მათ შორის საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები.”

“მივდივართ მტრის დასამარცხებლად” – ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნეს

უკრაინაში ცხინვალელი ახალგაზრდების წაყვანას ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ამის შესახებ ცნობები Telegram არხზე ვრცელდება.

სოციალური ქსელების მომხმარებლები აკრიტიკებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს.

„სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა გაგზავნეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. ბარემ ბოქლომით დაკეტეთ რესპუბლიკა და გასაღები ვინმე სხვას გადაეცით. სამხრეთ ოსეთს აღარაფერი სჭირდება – არც დამოუკიდებლობა და არც სახელმწიფოებრიობა.

როგორც ირკვევა ხალხიც აღარ არის საჭირო. რად ღირს ოსის სიცოცხლე და საერთოდ ოდესმე რამედ ღირდა ეს სიცოცხლე? ვიღაცის იმპერიული ამბიციებისთვის ეს არის საზარბაზნე ხორცი და ჩვენვე სიამოვნებით ვიხდით გადასახადს ჩვენი შვილების სისხლის ფასად“, – ნათქვამია  სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილი გვერდის „ირონ ბონვარონის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ბიბილოვი ამბობს, რომ “სხვა გამოსავალი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს”.

“მეუბნებიან, რომ ჩვენს ბიჭებს სასიკვდილოდ აგზავნიან. არა! – გამარჯვებისთვის!

მეომარი ბრძოლაში მიდის გამარჯვებისთვის.

ახლა მივდივართ დონბასში, მარიუპოლში, მელიტოპოლში, მხოლოდ მტრის დასამარცხებლად!” – დაწერა ბიბილოვმა Telegram-ის არხზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში