რუსეთში ავეჯის მწარმოებლი უმსხვილესი შვედური კომპანია „იკეას“-ს კლონის დარეგისტრირებას გეგმავენ. საქმე ისაა, რომ მსგავსი განცხადებით „როსპატენტს“ უკვე მიმართა რუსმა ბიზნესმენმა კონსტანტინე კუკოევმა, რომელიც დიზაინის სტუდია Luxorta-ს მფლობელია. კუკოევს პრეტენზია აქვს შვედურ გიგანტთან – მისი თქმით, „იკეას“ გადაწყვეტილება დაეტოვებინა რუსული ბაზარი, მისი კომპანიისთვის კოლაფსის ტოლფასი აღმოჩნდა.
როგორც რუსი ბიზნესმენი განმარტავს, მისი კომპანია Luxorta დაკავებულია ბინების დიზაინითა და რემონტით. ბოლო პერიოდში, სტუდიას რამდენიმე ფართი დაპროექტებული ჰქონდა სრულად Ikea-ს ავეჯით. „ძნელია სწრაფად იპოვოთ მისთვის შემცვლელი“,- ამბობს კუკოევი, რომელმაც ამ მოტივით Ikea-ს უკვე უჩივლა. კუკოევი იმ შემთხვევაში თუ კომპენსაციას მიიღებს, გეგმავს დაარეგისტრიროს ბრენდი „იდეა“, რომელიც რუსული ავეჯის წარმოებას დაიწყებს და ეს ავეჯი Ikea-ს პროდუქციის ანალოგი იქნება.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შესაძლოა, კონსტანტინე კუკოევს ბრენდის ამ სახელით დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას, ვინაიდან, ჯერ ერთი, „იდეას“ ლოგო ძალიან ჰგავს IKEA-ს. მეორეც, რუსეთში უკვე არის სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ასევე “იდეა” ჰქვია.
შეგახსენებთ, IKEA რუსეთში ოპერირება შეაჩერა. კომპანიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ამ გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციით ხსნიდა. ამას გარდა, კომპანია აცხადებს, რომ ომის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ მიწოდების ჯაჭვსა და გაყიდვებში.