აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ნატოს სამიტის ყოფილი მრჩეველი ეველინ ფარკასი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ „თუ უკრაინაში დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს, მოლდოვას და შემდეგ უკვე ნატოს დაუპირისპირდება“.
ეველინ ფარკასის თქმით, რუსეთი არ გაჩერდება, თუ ის უკრაინაში არ იქნება შეჩერებული.
„ვერ ვიტან სიტყვას: „რუსეთის პროვოცირება“. თუ ვინმეა პროვოკატორი, ეს რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი და რუსეთმა აირჩია დაეხოცა უდანაშაულო უკრაინელები. ამიტომ ცხადია, ისინი პროვოკატორები არიან.
არსებობს შეკითხვა ესკალაციაზე. დიახ. ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, ჩვენ არ გვინდა ისეთი რამის გაკეთება, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას.
ამის მიუხედავად, ჩვენ არ შეიძლება იმდენად გვეშინოდეს ესკალაციის, რომ გამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითიც უკრაინელებს რეალურად დავეხმარებით. ასე რომ, რისკები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ზოგიერთი რისკის მისაღებად,“- აღნიშნა ნატო-ს სამიტის ყოფილმა მრჩეველმა.