LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიას იწყებს

104

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. სპეციალურმა კომისიამ წელს არჩევანი ზაზა ხალვაშის ფილმზე „ნამე” გააკეთა. რამდენიმე დღეში ქართული მხარე საქართველოს კანდიდატ ფილმს უცხოელ კოლეგებს წარუდგენს.

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში „ნამეს” პირველი ოფიციალური ჩვენება ლოს ანჯელესში 7 ნოემბერს გაიმართება. დამატებით 2 ჩვენებას კი EFP (European Film Promotion) 11 და 15 ნოემბერს გაუწევს ორგანიზებას. ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, საერთაშორისო ბაიერები, კინოსფეროს წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები დაესწრებიან. ფილმის წარსადგენად ლოს ანჯელესში „ნამეს” რეჟისორი ზაზა ხალვაში და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი – მარისკა დიასამიძე გაემგზავრებიან.

ჩვენებების დასრულების შემდეგ, მაყურებელს მათთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნება. მაშინ როდესაც ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ფილმები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდანაა წარდგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამატებით ჩვენებებს, შეხვედრებს თუ პრეზენტაციებს, რაც კამპანიის ფარგლებშია დაგეგმილი.

„ნამე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

ოქროს გლობუსის ნომინანტთა სია დეკემბერში, ხოლო ოსკარის – იანვრის თვეში გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები