საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობაზე 7 702 ნებართვა გაიცა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,6 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4 536,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 7 702 ნებართვაა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,6 პროცენტით ნაკლები) გაცემული. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შენობა-ნაგებობების მშენებლობის ფართობი კი 10,2 პროცენტითაა შემცირებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ნებართვების 72,0 პროცენტი გაცემულია ქვეყნის 3 რეგიონში, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,0 პროცენტი თბილისშია, 13,2 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში.
უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი, 56,1 პროცენტი, ქვეყნის 3 რეგიონზეა განაწილებული, კერძოდ: 28,9 პროცენტი მოდის თბილისზე, 15,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულია 1 453,5 ათასი კვ.მ ფართობის 1830 ობიექტი, რაც 15,9 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს.