საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან პროვოკაციები იგეგმება. მისი თქმით, დაგეგმილია, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციურ ჯგუფებს დაჰბრალდეს და შემდეგ, რუსეთის მთავრობამ საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვოს.
„დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან არის ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ.
თქვენ ხედავთ, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის „ომის პარტია“. იცით, მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველაზე კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, ჩემს სახლში, ბომბავენ ჩემს მეზობლებს, ჩემს ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ომმა ეს ტრავმა დამიტოვა. მინდა იცოდეთ, რომ ომი მსოფლიოში ყველაზე მეტად მეზიზღება.
დარწმუნებული ვარ, ომი ყველა ნორმალურ ადამიანს ეზიზღება. თუ თქვენ დააკვირდით, ომზე არ საუბრობს არავინ, გარდა მთავრობის ჯგუფისა. ჩვენგან სიტყვა „ომი“ არასდროს ყოფილა. ეს სერიოზულად დაფიქრების წყაროა.“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მიმართ დაგეგმილ პროვოკაციას არ დაუშვებს და ყველაფერს იღონებს.
„გვყავს კუდის მოქიცინე ხელისუფლება, ვითომ დასავლეთი გვინდა, გულით და სულით ყველანაირად რუსეთისკენ არიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ხალხის, რომ ამას არავინ არ დაუშვებს აქ, პროვოკაციას რომელიც მზადდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველაფერს იღონებენ, რომ ეს არ გაუვიდეს არავის და გადავრჩეთ როგორმე”, – განაცხადა გიული ალასანიამ.