“სად ვიქნები, რას ვიტყვი, სად ვიმუშავებ და სად გადავალ სამსახურში, ეს ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ საქმე ნამდვილად არ არის და არც არასდროს იქნება, მინდა დაგარწმუნოთ,” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ეკა გიგაურმა “ფორტუნას” განუცხადა. ამით გიგაურმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.
გიგაურმა ივანიშვილის მის მიმართ გამოთქმულ “რჩევას”, დატოვოს არასამთავრობო სექტორი, ჭორაობა უწოდა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჭორაობა უბრალოდ პირდაპირ ეთერში, ბევრჯერ განვმარტე ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე. ის, რომ მე ვიჩივლე მურუსიძის სასამართლოში ცილისწამებისთვის, ივანიშვილის მიერ მართული პირების წინააღმდეგ. მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც შეინატა სარჩელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომპენსაციისთვის ვითხოვ ამ ადამიანებისგან 30 თეთრს. ჩემი ადვოკატის მეშვეობით არასოდეს გამიცდენია სასამართლო პროცესი და ჩემი ადვოკატი ყოველთვის იქ არის. ამ სასამართლო პროცესს ნამდვილად ბოლომდე მივიყვან, სტრასბურგშიც რომ დამჭირდეს საჩივრის შეტანა, ამასაც ვიზამ, მერე ამ სასამართლო პროცესზეც თავის გასამართლებელი არაფერი მაქვს, ვინც კი ცილი მწამა და ცილისმწამებელია, ზუსტად იმან უნდა აგოს პასუხი ამ ცილისწამებისთვის, ამიტომ ეს, რაზეც ივანიშვილი საუბრობს, არის აბსოლუტური ტყუილი,” – განაცხადა “ფორტუნასთან” ეკა გიგაურმა.
გიგაური ივანიშვილს ურჩევს, მსგავს რიტორიკას შეეშვას და ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებს მიხედოს.
“ასეთი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორის მიმართ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის არის ძალიან ცუდი. ჩემთვის პირადად ყველაფერი ნათელია, ეს, რაც ხდება ჩემზე თავდასხმები Facebook-ზე და ზოგადად, სოციალურ ქსელებში, როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგ კონკრეტული პირები არიან და ბატონი ივანიშვილიც, სავარაუდოდ. ამიტომ მგონია, რომ ამ ჭორაობას მათ უბრალოდ თავი უნდა დაანებონ და იმ კითხვებს გასცენ პასუხი, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე ერთადერთს, რასაც ამ მთავრობას ვთხოვ, არის ის, რომ ფარცხალაძის პასუხისმგებლობა დააყენონ. დაიბარონ დაკითხვაზე ფარცხალაძე, ზუსტად ამიტომ ხდება ეს ყველაფერი და მესხმიან თავს. ფარცხალაძის გამო ასეთ დღეში რომ არიან ბიძინადან დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული, მემგონი, ცოტა უხერხულია. ჯობია, ამ მნიშვნელოვან პრობლემებს მიხედონ, მიხედონ სავარაუდო კორუფციის ფაქტებს და გასცენ ხალხს პასუხი იმაზე, რატომ მდიდრდებიან ჩვენი თანამდებობის პირები,” – დასძინა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ეკა გიგაური გამოსვლებით, ცდილობს, არა თუ ქვეყანა შიგნით და გარეთ დააზიანოს, არამედ ახლა დაუკრეფავშიც გადავიდა“.
“მას მინიშნება გავუკეთე, კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რადგან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო სექტორს მისი იქ ყოფნა,” – დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.