LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის გოგოს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

150

8 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

სავარაუდოდ, დაკავებულია მამაკაცი. ადგილობრივები ამბობენ რომ ის იმ სახლთან ახლოს ცხოვრობს, რომელთანაც სისხლის კვალი იპოვეს.

“ცხელ კვალზე დაკავებულია 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ნ.  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ მკვლელობის ცხელ კვალზე გახსნის შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა.

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ  გარდაცვლილის ოჯახს. ეს მძიმე ტრაგედიაა სრულიად საქართველოსთვის. კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე იმ მარშუტის დადგენის საფუძველზე, საიდანაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, ჩვენ მიერ დეტალურად შესწავლილ იქნა  თითოეული ბინა, სადაც აღმოჩნდა სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზემოთ ხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე ასევე, სხვა მტკიცებულებებით რომელიც არის საქმეში, ი.ნ. დაკავებულია. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გრძელდება გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში. დაველოდოთ შედეგებს,“ – განაცხადა საბანაძემ.

გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოკლული იპოვეს. ცხედარს ფეხები შეკრული ჰქონდა, თავზე კი ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები