ღიმილის მომგვრელიც კი არის წლიდან წლამდე ამ რევოლუციურ სცენარზე საუბარი, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავაგავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს, რომელშიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია ფიგურირებენ.
ბოკუჩავას თქმით, სავარაუდოდ აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს იმ ფარული ჩანაწერების გადაფარვას, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა.
„ივანიშვილის რეაქცია იმ ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობასაც თავად პროკურატურა არ უარყოფს, მათი პასუხი არის ახალი ჩანაწერების შეთხზვა. ჩვენ ვნახეთ მაგალითად როგორ დადგეს და შეიყვანეს კანონსაწინააღმდეგოდ პარლამენტის წევრი ციხეში, რათა კონტრკადრები გაევრცელებინათ და გადაეფარათ ქმედებები, რაზეც იყო საუბარი სუბელიანის ჩანაწერში. ეს ძალიან ჩვეული პრაქტიკაა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ჰაკიმ ფაშა, გვახსოვს ჩოკუტაევი, გვახსოვს არაერთხელ ასეთი ტიპის ვითომ ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა არასოდეს დასტურდება და გამოიყენება ორი მიზნით, რომ ან გადაიფაროს მთავრობის კრახი, ან ივანიშვილის სურვილით გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე. ამ შემთხვევაში ივანიშვილს არანაირი ფაბრიკაცია და ჩანაწერი არ უშველის, რადგან კანდიდატი, რომელიც მან შესთავაზა ქართველ ხალხს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არის მიუღებელი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, გავრცელებული ჩანაწერი არის ფაბრიკაცია.
უკრაინულ ვებ-გვერდზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“.