გავრცელებული ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ამ დომდე არ ავრცელებს.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სავარაუდოდ, დაკავებულია 3 ადამიანი. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანა უცნობი პირების ავტომობილს მოსდევდა, რის შემდეგაც მათი დაკავება სწორედ ურიდიას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაკავებული პირები აქამდე არ უნახავთ და სავარაუდოდ, ისინი მათი უბნის მცხოვრებლები არ არიან.
“დავინახე, ხალხი ძირს დაწოლილი და იარაღებით,” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისსა და მარნეულის რაიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში. ჩადენილი დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ – ჯეირან კინწურაშვილთან და ირაკლი დანელიასთან და მათთან შეთანხმებით ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.