LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან გლურჯიძის მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმი “სხვისი სახლი” საქართველოს კინოთეატრებში გამოდის

486

წარმატებული საფესტივალო გზის შემდეგ, 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში”, რუსუდან გლურჯიძის ფილმის „სხვისი სახლი” პრემიერა გაიმართება, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ფილმის რეჟისორი და მსახიობები დაესწრებიან.

„სხვისი სახლი” რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი აფხაზი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ქართველების ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
„სხვისი სახლი” საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა და მას შემდეგ „სხვისი სახლი” არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმის პრიზების ჩამონათვალშია გრან პრი კარლოვი ვარის, ბერგენის, ევრაზიის, ათენის ევროპული ფილმების, რაბათის არტ ჰაუს ფილმების, სტალკერის და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე, პრესის საერთაშორისო აკადემიის პრესტიჟული ჯილდო „სატელიტი”, ამერიკის კინოოპერატორთა გილდიის ჯილდო Spotlight Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა”, 2 პრიზი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის – ჯამში სულ 40-ამდე პრიზი. ასევე, „სხვისი სახლი” 2016 წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე და Asia Pacific Screen Awards-ის ნომინანტი, რომელსაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აზიურ ოსკარს უწოდებენ.

„სხვისი სახლი” საქართველოს კინოთეატრებში 25 ოქტომბერს გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები