ბებიის რეცეპტით მომზადებული ქართული ჯემები, სახელწოდებით „ლეთა“ ევროპის ბაზრისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ publicity.ge ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ჯემებს ახალგაზრდა სტარტაპერები აწარმოებენ. თამარ ათუაშვილი ახალგაზრდა სტარტაპერია. პროფესიით ფიზიკოსს მიზნად ჰქონდა, მეცნიერი გამხდარიყო. საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად თამარი სხვადასხვა იდეებზეც მუშაობდა. მოგვიანებით მეგობართან ერთად გადაწყვიტა, ჯემებისა და მურაბების წარმოება დაეწყო და საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესშიც მოესინჯა.
„ერთ საღამოს მე და ჩემმა მეგობარმა, უკვე თანადამფუძნებელმა ლელა ზერეკიძემ, გადავწყვიტეთ ბებიის უგემრიელესი რეცეპტით მომზადებული ჯემები ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო. პირველი ნაბიჯი იყო სოციალურ სივრცეში გვერდის გაკეთება, რომელსაც მაშინ “მურაბა” დავარქვით. გეგმის სახით ჩამოვწერეთ თუ რას ვაპირებდით და დაახლოებით ხარჯები დავიანგარიშეთ. ასე ეტაპობრივად დავიწყეთ საკუთარ იდეაზე მუშაობა”,- ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.
ცნობისთვის, გასულ წელს თამარმა და ლელამ Yes-Goergia-ს “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში” გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება, რომ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მიეღოთ ბიზნესის მართვის მიმართულებით.
„მეწარმეთა სკოლაში ჩვენ უამრავი რამ აღმოვაჩინეთ, ვისწავლეთ, შევცვალეთ, დავხვეწეთ. პრაქტიკულად შევძელით დაგვემუშავებინა ჩვენი ბიზნესიდეა, მიგვეღო შენიშვნები და გამოგვესწორებინა შეცდომები. ამავე პერიოდში გავუკეთეთ ჩვენს პროდუქციას ბრენდირება. ჩვენი საბოლოო მიზანი გამოვკვეთეთ და დღეს ვაწარმებთ ქართულ ნატურალურ ხილის ჯემებს და მურაბებს, რომელიც დამზადებულია ბებიის რეცეპტით. პროექტი Yes-Georgia უდიდიესი ტრამპლინი აღმოჩნდა “ლეთას” ჯემებისათვის,” -აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
ამ ეტაპზე ახალგაზრდების საწარმო სახლის პირობებშია განთავსებული, თუმცა ისინი სახსრების მოზიდვას და ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ. ამ ეტაპზე გოგონებს უკვე აქვთ რამდენიმე შემოთავაზება და ბებიის რეცეპტით მომზადებულ ნატურალურ პროდუქციას, მალე ლიტვის ბაზარზეც გაიტანენ.