LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მატარებელი კი არა, ეს იყო ჯოჯოხეთი“ ამას 4 დღის მშიერი სერგეი მეუბნება – ყველა ერთადერთ რამეზე ნერვიულობდა: საქართველოშიც რუსები ხომ არ დაგხვდებიანო – ნაჯა ორაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

341
ნაჯა ორაშვილი და უკრაინელი ოჯახი

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელ ოჯახზე ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, რა გზის გავლა მოუხდათ მათ თავშესაფრის ძიებაში, საქართველოში ჩამოსვლამდე.

„დღეს კრაკოვიდან ბებია და 8 წლის სერგეი დეიდასთან Eto Gugava ჩამოვიყვანეთ, რომლებმაც კრივოიროგიდან პოლონეთის საზღვრამდე უფანჯრო ელექტრომავალით რამდენიმე დღე გაუჩერებლად იმგზავრეს. ბებიამ ბავშვები იატაკზე გვეწვინა, ქალები ფეხზე ვიდექითო. 18 საათიანი ფეხზე დგომისგან ქალებს გული მიგვდიოდა, ვითიშებოდით და ბავშვები გვასულიერებდნენო.

„მატარებელი კი არა, ეს იყო ჯოჯოხეთი“ ამას 4 დღის მშიერი სერგი მეუბნება – კიევთან სირენების ხმაზე მატარებელი გაგვაჩერებინეს, ყველა იატაკზე დაწოლა მოგვთხოვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთში აზელილები ვისმენდით ციდან ბომბები როგორ ცვიოდაო. ყველა წამს გვეგონა რომ ავფეთქდებოდითო. ელექტრომავალში ტუალეტიც არ იყო და ამიტომ წყალსაც არ ვსვამდითო.

პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგი ფეხით გაიარეს. სერგეის რადგან პასპორტი არ აქვს საზღვრის კვეთისთვის საჭირო ერთჯერადი საბუთის ასაღებად კრაკოვში 8 საათიან რიგში მოუწიათ ყოფნა. აეროპორტის მესაზღვრეებიც დიდხანს ფიქრობდნენ გაეშვათ თუ არა, ამიტომ ყველაზე ბოლოს მოგვიწია თვითმფრინავში ასვლა, რომელიც უკრაინელი ქალებით და ბავშვებით იყო სავსე. ყველა ერთადერთ რამეზე ნერვიულობდა საქართველოშიც რუსები ხომ არ დაგხვდებიანო.

სერგეიმ დღეს პირველად იფრინა. მიწაზე აღარ მინდა დაშვება, სულ მინდა ცაში ვიფრინოო. თან ყოველ წამს ტელეფონში მისი მშობლების ფოტოებს გვანახებდა, რომლებიც უკრაინაში მეათე დღეა გმირულად იბრძვინ. საქართველოს საზღვარზე ძალიან კეთილგანწყობილები დაგვხვდნენ, უფასო მგზავრობა და კვება შეგვთავაზეს, გარეთ გამოსულებს აცრემლებულმა ტაქსის მძღოლებმა ფული აჩუქეს.

გავაცილეთ ეს ორი უშიშარი ადამიანი, როგორც ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი გულიც მათ გაჰყვა.

ტელეფონი რომ გავხსენი, სერგეის დედის წერილი დამხვდა „Я благодарна вам до конца своих дней!!!! Спасибо большое за поддержку и помощь!!!! Теперь я смогу спокойно умереть за нашу землю!!!!“ ხოდა ვზივართ და სასოწარკვეთისგან ხმამაღლა ვტირივართ.

ერთი რაც ზუსტად ვიცი ამ ბავშვების და ქალების წამების გამო, ამ შემზარავი ისტორიების, ტრაგედიებისა და მოუშუშებელი ჭრილობების გამო, რაც რუსეთმა ორივე ერს მოგვაყენა პასუხი ძალიან მალე უნდა აგოს.

ბოროტება უნდა დასრულდეს.“ – წერს ნაჯა ორაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები