LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანაი ბრუკის ძმა: მკვლელობაში ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ ვიღებთ, უვადო პატიმრობას მოვითხოვთ

107
შანაი

ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკი ედვარდსის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის ბოდიშს არ იღებს და სასამართლოსგან მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მოკლულის ძმა ტაისონ ედვარდსი აცხადებს, ბრალდებულმა დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც ის ფაქტობრივად, კუთხეში მიიმწყვდიეს, როცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ყველა მტკიცებულება მის წინააღმდეგ მეტყველებდა. ამის შესახებ შანაი ბრუკის ძმამ „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

შანაი ბრუკი ედვარდსის ძმა აცხადებს, რომ ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ იღებს. ედვარდსის თქმით, ისინი სასამართლოსგან რაფაელ მურსაკულოვის უმკაცრეს დასჯას და უვადო პატიმრობის გამოყენებას ითხოვენ, რათა „გარეთ მკვლელები არ დადიოდნენ და შანაის ბედი სხვებმაც არ გაიზიარონ“.

ტაისონ ედვარდსი სპეციალურად ლონდონიდან საქართველოში დის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენზე დასასწრებად დღეს დილით ჩამოფრინდა.

“ყველა მანდილოსანს ბოდიშს ვუხდი… ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, ჩემში ღმერთზე მეტი ეშმაკი იყო, შემეშალა…” – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

თბილისის საქალაქო სასამართლო შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობის საქმეზე განაჩენს ხვალ, 9 მარტს გამოაცხადებს.

ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა გასულ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მოკლულის ოჯახს ბოდიში მოუხადა.

„არ ვარ ასეთი ადამიანი და არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, იმ დღეს, ჩემში, ღმერთზე მეტი, ეშმაკი იყო, როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მოხდა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ“,- განაცხადა მურსაკულოვმა.

“შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მკვლელობის შემდეგ ცხედრის დაწვას გეგმავდა”- რას ყვება ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის რძალი

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკ ედვარდს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებს. პროკურორი გიორგი ქობულაძე განმარტავს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმითვე, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა – თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები