„დღეს მსოფლიოს სურს, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ადამიანთა უდიდესი ტანჯვა უკრაინაში, სადაც ლტოლვილთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა“, – ამის შესახებ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს განვითარების პროგრამის განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე განცხადების თანახმად, შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ყველა უკრაინელის უსაფრთხოებას. ისევე როგორც სხვა კონფლიქტების დროს, ქალები და გოგოები, განსაკუთრებით ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულები, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის გაზრდილ საფრთხეს განიცდიან.
ორგანიზაციის ცნობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს მყისიერი რეაგირების ინიციატივას შეუერთდა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულთა დახმარებას ემსახურება, როგორც უკრაინაში, ისე ლტოლვილთა მიმღებ მეზობელ ქვეყნებში.
„უკრაინაში გასათვალისწინებელია იგივე მიდგომა, რომელიც ყველა სხვა კონფლიქტისა თუ კრიზისული ვითარების კონტექსტში მოქმედებს, ავღანეთიდან საჰელამდე და მიანმარიდან იემენამდე – ქალთა მონაწილეობის გაზრდა და რეალური თანასწორობა უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი გადაწყვეტების მოსაძებნად მშვიდობის დამყარებისა და კონფლიქტის პრევენციის მიმართულებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამავე მიდგომას უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციასა და კატასტროფათა რისკის შემცირებას.
„ქალები საკვანძო როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის სექტორებში და ხშირად, ბუნებრივი რესურსების მართვის სტრატეგიების განხორციელებას უძღვებიან. ამ მხრივ, მათ ეფექტიანი და მდგრადი გადაწყვეტების გამოვლენა და განხორციელება შეუძლიათ. თუმცა, გარემოს დეგრადაცია და რესურსების სიმწირის ფონზე გაზრდილი კონკურენცია კიდევ უფრო ამძაფრებს გენდერული ძალადობის რისკს, ხოლო გარემოს დამცველ ქალებს მუქარისა და ძალადობის საშიშროებას უქმნის. თუმცა ცვლილება მაინც შესაძლებელია.“ – აღნიშნულია გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის განცხადებაში.