ეროვნული ვალუტა 2018 წლის გაუფასურების პიკზეა. გუშინდელი, ანუ ბოლო ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარი დღეისათვის 2.6855 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევროს ღირებულება – 3.1095 ლარია.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში, წინა დღესთან შედარებით, 1.91 თეთრით, ხოლო ევროსთან – 1.70 თეთრით გაუფასურდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევრო და დოლარი კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ოფიციალური კურსითაა დადგენილი. სხვადასხვა ლოკაციაზე 1 დოლარის შეძენა საშუალოდ 2.69-2.72 ლარად შეგიძლიათ, ხოლო 1 ევროსი – 3.13-3.17 ლარად.
ვნობისთვის, ბოლოს დოლარი 2.69 ლარი 2017 წლის დეკემბერში ღირდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი მომავალ წელს 2.63-ის ნიშნულთან იქნება. 2018 წლის ბიუჯეტში კი ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,5-ის ნიშნულზეა.
ლარის კურსის ვარდნის მიზეზები განმარტა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ. მისი შეფასებით, კურსის ვარდნა მოლოდინებს უკავშირდება. “ჩვენ არ ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში არის რაიმე ისეთი სერიოზული ფაქტორი, რომ ასეთ რყევას იწვევდეს. სამწუხაროდ, ლარს ასეთი რყევები ახასიათებს. ამაზე ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება. ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. შესაბამისად, დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება“, – განაცხადა მურთაზ კიკორიამ.
ლარის გაუფასურებას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც. გიორგი ქობულიას თქმით, ქართულ ვალუტას ფუნდამენტურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. „პროგნოზების გაკეთება არამადლიერი საქმეა, მაგრამ ვიტყოდი შემდეგს: რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად ფუნდამენტალურად ლარის მდგომარეობის ანალიზს ვაკეთებთ. საქართველოს ვალუტა ამ რეგიონში და ზოგადად, ერთ-ერთი მყარი და ერთ–ერთი საფუძვლიანი ვალუტაა. ჩვენ ვალუტას დღესდღეობით ფუნდამენტალურად არანაირი პრობლემა არ აქვს იმისთვის, რომ გაუფასურდეს. დღეს რომ მოძრაობს 2,66–2,69, ასეთ მოძრაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი გადახრები არის მინიმალური გადახრები და ეს გადახრები არაფერზე მეტყველებს”, – აღნიშნა ქობულიამ.
ლარის კურსის ბოლოდროინდელ ვარდნასთან დაკავშირებით ”ფორტუნა” ექსპერტების აზრითაც დაინტერესდა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, ლარის გაუფასურებაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იმოქმედა.
”მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკის ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენზე უფრო დიდ გავლენას გარე ფაქტორები ახდენს, ვიდრე- შიდა. ამიტომ, რამდენიმე მიზეზს გამოვყოფდი, რამაც ლარის ვარდნა გამოიწვია.
- ეს არის დოლარის გაძვირება მთელს მსოფლიოში. მოთხოვნა ამერიკული ფასიანი ქაღალდების შეძენაზე ძალიან გაიზარდა და ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა. ამიტომ, სხვა ქვეყნებში დაგროვილი დოლარები მიემართება ამერიკისკენ, რათა სხვა ქვეყნების წარმოამდგენლებმა ამერიკული ფასიანი ქაღალდები შეიძინონ. აქედან, გამომდინარე მთელს მსოფლიოში დოლარის დეფიციტი შეინიშნება და ცხადია, ეს საქართველოზეც აისახა.
- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა. ბოლო დროს, თურქეთსა და რუსეთში მათი ეროვნული ვალუტების სერიოზული დევალვაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი ტრანზაქციები შემცირდა, რამაც ასევე იმოქმედა ლარის კურსზე.
- მესამე ფაქტორი კი მოლოდინებია – ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ასევე აისახება ლარის კურსზე, ვინაიდან, ინვესტორები არიან მოლოდინის რეჟიმში და ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ. თუ შევძლებთ, რომ მათ შევუქმნათ სტაბილური გარემო – ბუნებრივია ისინი უფრო თავისუფლად ჩადებენ ფულს ჩვენს ქვეყანაში”, – განმარტა სოსო არჩვაძემ.
რაც შეეხება პროგნოზებს, როგორც ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, ამ ეტაპზე რთულია ივარაუდო, რა ბედი ელის ლარს და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება, თუ არა კვლავ მისი გაუფასურება. ”ეს ყოველივე დამოკიდებულია ისევ და ისევ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ჩამოვთვალე. ამიტომ, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება”, – აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
თუ როგორ იცვლებოდა დოლარისა და ევროს ღირებულება 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შეგიძლიათ დეტალურად ინფოგრაფიკაზე იხილოთ: