საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყანაში მარიხუანას წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დებატები დაგმო.
მარგველაშვილის თქმით, საქართველო ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა არ უნდა გახდეს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ქვეყანა ვერც მის გავრცელებას გააკონტროლებს და ვერც ამ იმიჯს მოირგებს.
„არსებულ პოლიტიკურ დებატებში ჩემთვის გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც შეეხებოდა, ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლებას. საზოგადოებამ იცის, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური ვარ. არა ერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ისინი უნდა იჯდნენ ციხეში, როგორც კრიმინალები.
ამ ფონზე, ნარკოტიკული საშუალების წარმოების იდეა საქართველოში, ჩემთვის სრულიად მიუღებელია.
ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ორი მთავარი მიზეზი არსებობს:
- თუ გავხდებით მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად მათ გავრცელებას და ბევრად უფრო მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი.
- საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც გვაფასებენ, ვუყვარვართ და გვიცავენ. ეს არის რთული იმიჯი. ეს იარლიყი არ შეიძლება ჩვენს სამშობლოს მიეწეროს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.