საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელიც ქართული ჯარისადმი მიმართვით დაიწყო. მარგველაშვილმა ჯარს მიმართა, რომ პოლიტიკური და უსამართლო დებატები, რომელიც მიმდინარეობს, მათზე არ უნდა აისახოს.
მისი თქმით, საქართველო უსამართლო ომში, რუსეთის თავდასხმის ობიექტი იყო და ქართველი ხალხი მადლიერია ჯარისკაცების თავგანწირვის.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მე ამ არჩევნებზე კენჭს არ ვიყრი და არც საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობ. დღეს, როგორც აქამდე ბევრჯერ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივმართავ საზოგადოებას.
მაქვს რა მოლოდინი, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია და არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა გახდეს, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი პრობლემები დავინახე. მიუხედავად, იმისა რომ ვცდილობ არ ჩავერთო პოლიტიკურ ბატალიებში, ვერ ვიქნებოდი გაჩერებული.
როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პრეზიდენტისა და მთავარსარდლისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქართული ჯარის საკითხი და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, შემაფოთებელი იყო ეს საკითხი.
მინდა მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს, რომ იცოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა დაიცვათ საქართველო. არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, საქართველოს უფლება გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე, ყოველთვის იყო და იქნება დაფასებული. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის და თქვენი თანამებრძოლების მიერ სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლის.
საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც უსამართლო ომში, თავდასხმის ობიექტი იყო. თქვენ ხართ ის სიმტკიცე, რომელზეც ჩვენი ქვეყანა და ერი დგას,” – განაცხადა მარგველაშვილმა.