LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალური ინსპექციის მეშვეობით თბილისი თანამედროვე, მოწესრიგებულ, ევროპულ დედაქალაქს დაემსგავსება – კახა კალაძე

136

თბილისის მერმა კახა კალაძემ განახლებული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პრეზენტაცია გამართა. მისი შეფასებით, მუნიციპალური ინსპექცია არის ის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქი თანამედროვე, მოწესრიგებულ, ევროპულ დედაქალაქს დაემსგავსება. განახლებული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელი გადაერქვა და მუნიციპალური ინსპექცია ჰქვია.

„ჩამოგითვლით მის ფუნქცია-მოვალეობებს. ესენია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოების კონტროლი, უნებართვო მშენებლობების კონტროლი, სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობა, უნებართვო გარე ვაჭრობების აღკვეთა, დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი, ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა. ეს ყველაფერი მთლიანობაში საჭიროა დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასაცავად,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.