მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გადაიცემოდა, – ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რითაც მირზა სუბელიანის მონაწილეობით გუშინ მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმიანება.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.
„საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.
გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.
დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.
იმავდროულად, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,“ – წერია პროკურატურის განცხადებაში.