შსს-ს განცხადების მიუხედავად, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე „დედაენის ბაღში“ დაგეგმილი კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარებას მაინც გეგმავს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს განცხადების საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ფესტივალზე ერთადერთი ვინც კანონს დაარღვევს, ის იქნება.
პრეზიდენტობის კანდიდატს შსს-ს განცხადების სერიოზულობაში ეჭვი ეპარება, თუმცა აცხადებს, რომ „დედაენის ბაღში“ მისულებს საშუალება ექნებათ ისტორიული მოვლენა იხილონ – თუ როგორ აკავებენ პრეზიდენტობის კანდიდატს.
„ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობდა ამ ფესტივალში მონაწილეობას, მინდა ვუთხრა, რომ ეს ფესტივალი ჩატარდება, როგორც არის დაგეგმილი. ყველა ადამიანს, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, მოვუწოდებ მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არც ერთ იქ მონაწილეს არავინ არ თხოვს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მხოლოდ მე, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად, ლაივში ნახოთ როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შსს-მ „გირჩის“ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.