გაერთიანებული ოპოზიცია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. “ძალა ერთობაშიას” ლიდერების განცხადებით, ჰასმიკ მარანგოზიანი ოპოზიციის მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა. ამის მიზეზი კი, ოპოზიციის განმარტებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მისთვის ნაჩუქარი ბინაა, რის სანაცვლოდაც ქართული ოცნება მისგან სასურველი შედეგის დაწერას მოითხოვს.
„ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჰასმიკ მარანგოზიანმა, 2012 წლის არჩევნების ჩატარების შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მიიღო უსასყიდლოდ ბინა 0 ლარად ახალქალაქში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე,“ – განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოსგამგეობის წევრმა, სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ.
ბინის ჩუქების შესახებ დოკუმენტაცია ოპოზიციამ გამოითხოვა, თუმცა, საკრებულოში პასუხობენ, რომ საბუთები შესასწავლად პროკურატურაშია გადაგზავნილი.
ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია ახალქალაქის საკრებულოდან, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მოგვწერა, რომ ჰასმიკ მარაგოზიანის საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის #98 ბრძანებაც 2013 წლის 17 იანვარს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურატურას აქვს ამოღებული, მისი კანონიერების შესწავლის მიზნით.
როგორც ჩანს, ჰასმიკ მარაგოზიანმა არჩევნების კარგად ჩატარების სანაცვლოდ მიიღო გასამრჯელო. ეს არის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, რასაც პროკურატურა 6 წელზე მეტია იძიებს”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.