LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტს პირადად მიულოცა

89

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირადად მიულოცა. ფილარეტისა დ პოროშენკოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა, რადგან თქვენი მიზანდასახულობის, თქვენი სიბრძნის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ ამას. წინა პრეზიდენტები ასევე მუშაობდნენ ამაზე, თუმცა ვერ მიაღწიეს. თქვენ კი, ჩვენს საერთო მიზანს მიაღწიეთ,“ – აღნიშნა კიევის პატრიარქმა.

თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას ისტორიული დღე უწოდა.

„უკრაინა და უკრაინის ეკლესია 332 წელს ელოდა ავტოკეფალიას. დღეს ავტოკეფალიასთანდაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ტომოსის გამოცემის პროცესი გრძელდება“,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სახელმწიფოს შენების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„უკრაინის დამოუკიდებლობა არ არის სრული ავტოკეფალური ეკლესიის გარეშე, როდესაც ეკლესია მეზობელი სახელმწიფოს მეხუთე კოლონაა,“ – განაცხადა პოროშენკომ.

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას ეპოქალური უწოდა.

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.