„ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის წევრები 9 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს.
როგორც “ქართული ოცნების” წევრმა სანდრო ოდიშარიამ განაცხადა, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ კვორუმის გარეშე აირჩია დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისია, რაც მისივე თქმით, უკანონოა.
საბა ოდიშარიას თქმითვე, „ქართული ოცნების“ მოთხოვნაა, „სარჩელის განხილვამდე სასამართლომ საკრებულოს დროებით შეუჩეროს კვორუმის გარეშე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა“.
„მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები აპირებენ პოლიტიკურ ქორწილს, მათ გადაწყვიტეს გააგრძელონ აღნიშნული სხდომა. კანონის უხეში დარღვევის გამო, ჩვენ დღეს დილითვე მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ სარჩელის განხილვამდე, საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება შეჩერდეს.
მივმართავთ სასამართლოს, კანონის დადგენილ ნორმებში იმსჯელოს ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, მხედველობაში მიიღოს აღნიშნული უპრეცედენტო გადაწყვეტილება და არ მისცეს საშუალება დაუმკვიდროს ოპოზიციონერ წევრებს კანონის დარღვევის პრაქტიკა”,- განაცხადა სანდრო ოდიშარიამ.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსი ვეფხვია რუსია.
მისი თქმით, თანამდებობას მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო ტოვებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა სახის ზეწოლა განხორციელდა.
რუსიამ საკრებულო ისე დატოვა, რომ მედიასთან განმარტება არ გაუკეთებია. ვეფხვია რუსიამ არც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.