“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლას ემსახურება.
მისი თქმით, კობახიძის სურვილია, რომ არ მოხდეს არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე სათანადოდ დაკვირვება და ცდილობს, საზოგადოებაში გაუგებარი დისკუსია წარმოქმნას.
ბენიძის თქმით, ირაკლი კობახიძე მესამე სექტორის კრიტიკის გარდა სხვა რამეზე უნდა აკეთებდეს აქცენტს, მათ შორის, მოქალაქეების გატაცებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა, მას “ფაშისტი” უწოდა და არასამთავრობო სექტორი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ გვარამიას განცხადება არ დაგმეს.
კობახიძემ “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელ დირექტორზეც ისაუბრა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიხეილ ბენიძემ “უკადრებელი იკადრა”, როდესაც გვარამიას “დაცვა” სცადა.