“რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი, – აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, საქართველო, ლუგარის ცენტრში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს, რომელზეც რუსეთმა უარი განაცხადა.
„გერმანიის მხარდაჭერით, საქართველო, ნოემბერში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს ლუგარის ცენტრში, რუსებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნებიან ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.