ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა კანონი დაარღვია – ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ავრცელებს.
PHR – ის ცნობით, სოციალურმა მუშაკმა ნეკა დოროყაშვილს მუქარის ფაქტზე პოლიციისადმი მიმართვა გადააფიქრებინა, ამის ნაცვლად კი ნიკოლოზ ბასილაშვილს საჩუქარი, მისი ხელმოწერით ჩოგბურთის ბურთის გადაცემა, სთხოვა.
“2020 წლის 16 მაისს ნელი დოროყაშვილმა სოციალურ მუშაკს შეატყობინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაემუქრა. იგი იყო შეშინებული და აპირებდა პოლიციისთვის მიემართა.
“სოციალური მუშაობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები პირის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად. ნაცვლად ამისა, საქმეში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა ნელი დოროყაშვილს გადააფიქრებინა მუქარის ფაქტზე პოლიციისადმი მიმართვა.
2020 წლის 21 მაისს ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განმეორდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. სწორედ განმეორებით ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებულად ცნეს ოჯახში ძალადობის 5 ეპიზოდზე.
რა მოხდა?
2021 წლის ივლისში ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა სამართლებრივ დავაში მტკიცებულებად წარმოადგინეს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ზემოხსენებული სოციალური მუშაკის 2020 წლის 21 მაისამდე მიმოწერა. მიმოწერაში ვკითხულობთ, რომ დავაში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა ნიკოლოზ ბასილაშვილს საჩუქარი სთხოვა: მისი ხელმოწერით ჩოგბურთის ბურთის გადაცემა.
რა დაარღვია სოციალურმა მუშაკმა?
“სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით.
დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით. სოციალური მუშაკის მიერ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა, ამავე კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე იწვევს სოციალური მუშაკისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. PHR-ის წარმომადგენლებმა (ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა) განცხადებით მიმართეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და მოითხოვეს სოციალური მუშაკის ქცევის შესწავლა და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან PHR -ს აცნობეს, რომ სააგენტომ განიხილა განცხადება. მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ სოციალურმა მუშაკმა დაარღვია კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რის გამოც დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დადგინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ „ფორტუნა“ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს, თეონა გვაზავას ესაუბრა.
თეონა გვაზავა აცხადებს, რომ ნელი დოროყაშვილს არაერთხელ აქვს ჩვენება მიცემული, მაგრამ აღნიშნულ ფაქტზე არასდროს უსაუბრია, რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად სარწმუნოა.
„განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუქარას ადგილი ჰქონდა 2016 წელს. ნელი დოროყაშვილს ეს უნდა დაეფიქსირებინა საგამოძიებო ორგანოში.
ამ დროის განმავლობაში ნელი დოროყაშვილს მისი ადვოკატების თანდასწრებით, მათ შორის იმ ადვოკატების მეშვეობით, ვინც ახლა ამ განცხადებას ავრცელებენ, არაერთხელ იყო მოწმის სახით დაკითხული. არაერთხელ აქვს მონაწილეობა მიღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერებაში, რაც ავტომატურად ნიშნავს, კომუნიკაციას გამომძიებელთან.
ის საუბრობს არაერთ ფაქტზე, რაზეც ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს ბრალი წარდგენილი, მაგრამ არც ერთ ფაქტებში ეს მუქარა არ ფიქსირდება.
ბუნებრივია, თუ ასეთ ქმედებას ჰქონდა ადგილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან, ჯერ ერთი უნდა დაეფიქსირებინა ჩვენებებში.
და მეორე, თუ სოციალურმა მუშაკმა რაღაც გადააფიქრებინა, ამ ჩვენებებში აუცილებლად უნდა იყოს. საქმეში არის ბევრი ინფორმაცია და არც ერთი დოკუმენტი მსგავსი შინაარსის განცხადებას არ შეიცავს.
აქედან გამომდინარე, ის, რაც დაფიქსირებული არაა სისხლის სამართლის საქმეებში, უკვე ნაკლებად სარწმუნოა, მეტ შეფასებას ამ თემას ვერ მივცემ,“ – აცხადებს თეონა გვაზავა „ფორტუნასთან“ საუბარში.
PHR – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა.
მისი თქმით, დღეს დაკითხული მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ბრალდების მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა, სიცრუეა.
როგორც გურული განმარტავს, ეს თუ სიმართლეს შეესაბამებოდა, მოწმეს აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე უნდა განეცხადებინა.
„სასამართლო გამოიკვლევს მტკიცებულებებს, ის შეაფასებს, რომელი მოწმე აწვდის სასამართლოს სიმართლეს და რომელი მოწმე აწვდის ცრუ ინფორმაციას.
ამ მოწმისგან ბრალდების მხარე იმ ინფორმაციას ითხოვდა, რაც მისთვის ცნობილი იყო. საერთოდ, მსჯელობას და ლოგიკას მოკლებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიმე მხარეს რატომ უნდა განეხორციელებინა მოწმის მიმართ რამე ტიპის იძულება, ან ზეწოლა, ეს არის ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადა გურულმა.
პროკურორის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სასამართლოში დაზარალებულ ნელი დოროყაშვილს დაკითხავენ.
ამავე თემაზე:
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
PHR ბასილაშვილის საქმეზე: გავრცელებული ჩანაწერი აზიანებს ბავშვის ინტერესებს
„ნეკას არ უნდოდა განქორწინება … ნიკა დასტრესილია და დარდობს“: ინტერვიუ ბასილაშვილის ადვოკატთან