LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება მერიის მიერ უფასოდ დაანონსებული ტაქსის შეღებვა?

ტაქსის მძღოლები, რომლებიც 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსის ლიცენზიას აიღებენ, გაივლიან ან გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, მათ ავტომობილს ექნება მარცხენა საჭე და ოთხი კარი, დედაქალაქის მერის ახალი ინიციატივით, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერსა და ასევე, სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს უფასოდ მიიღებენ.

რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცენზიის 10 ოქტომბრამდემ აღების შემთხვევაში საკუთარ ავტომობილს ტაქსად მუშაობისთვის იმ რეგულაციებს და სტანდარტებს შეუსაბამებს, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა შევიდეს ძალაში და რომელიც ტაქსის ვიზუალურ მხარეს ეხება.

ერთი შეხედვით მოსაწონ და კარგ ინიციატივაში, ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტებიდან სხვა ნიუანსები გამოიკვეთა. ანუ, აქამდე გაჟღერებული ფინანსური დაინტერესების კომპონენტი, რომლის მიხედვითაც, ტაქსის მძღოლი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებოდა და მეტიც, საკუთარი ავტომობილის ფასადს დაუთმობდა რეკლამას და ეს მისთვის ფინანსური დაინტერესების დამატებითი წყარო იქნებოდა, ახლა, ახალი ინიციატივით, მძღოლი არჩევანის წინაშე დგება – „დართოს ნება“ მერიას და მის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას, განათავსოს რეკლამა მის ავტომობილზე, სანაცვლოდ კი მიიღოს ავტომობილის შეღებვისა და სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, თუ რეკლამის თანხები თავად აიღოს და თავადვე განკარგოს ის.

ინიციატივა ჯერ იდეის დონზეა, მერიაში დეტალებზე ვერ საუბრობენ და არც იმაზე არიან ჩამოყალიბებული, ვინ განსაზღვრავს და რა ეღირება ტაქსის გარე რეკლამა, ავტომობილის შეღებვა, როდის გამოცხადდება კონკურსი, სად იქნება ვაუჩერის აღება შესაძლებელი და ვაუჩერით განსაზღვრული მომსახურების გამოყენებას როდიდან შეძლებენ მძღოლები.

1 ოქტომბრის მდგომარეობით დედაქალაქში 12 ათასამდე ლიცენზირებული ტაქსი ახორციელებს საქმიანობას, თუმცა ამის მიღმა არიან ისეთებიც, ვინც ტაქსის ლიცენზია სპეციალურად, გააზრებულად არ აიღო, რადგან მიაჩნია, რომ ლიცენზიის ასაღები თანხის, 100 ლარის მიღმა, მას რეფორმის მომდევნო ეტაპებზე ბევრად მეტის გადახდა მოუწევს, რისი საშუალებაც არ აქვს.

„ვითხოვ, რომ მომცენ საშუალება ვიმუშაო. არ მაქვს სახსრები, რომ გადავიხადო ფული ლიცენზიის, მერე მანქანა რომ შევცვალო. ჩემი შრომით მე გადავიხდი ყველაფერს, გააკეთონ იაფიანი სესხები, ჩემით რომ ვიხადო, ჩემ უკან სამი შვილია. არც მაქვს და არც ვაპირებ აღებას. 7 წლის განამვლობაში დანგრეულ გზებზე რომ მატარებინეს, მანქანა ფიზიკურად ტექნიკურ დათვალიერებას სავარაუდოდ ვერ ავიღებ,“ – განუცხადა „ფორტუნას“  ბორის აკოფიანმა, რომელიც დღეს ტაქსის ტრაფარეტითა და წარწერით – „მე მშია“, დედაქალაქის მერიასთან ტაქსის ახალ რეფორმას აპროტესტებდა.

იმის გარდა, რომ ტაქსის რეფორმის მომდევნო ეტაპებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, იურისტები მის არსებობას უკვე, ტაქსის პირველსავე ეტაპზეც ხედავენ. მეორე დღეა, რაც ტაქსის რეფორმა ამოქმედდა და სოციალური ქსელი მისი კრიტიკის შემცველმა პოსტებმა მოიცვა. ტაქსის რეფორმის მხოლოდ თბილისზე და მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გავრცელება რომ არაკონსტიტუციური და არაგონივრულია, ამაზე „ფორტუნასთან“ ღიად საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, კანონის აღსრულება მაშინ იქნება შედარებით მარტივი, თუ ეს რეგულაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, სხვა შემთხვევაში კი, აღსრულების ნაწილს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვს.

„ტაქსების მომსახურება მხოლოდ თბილისში ექვემდებარება ნებართვას, სხვაგან არსად. როგორ უნდა აღსრულდეს კანონი თუ მანქანა მაგალითად, მცხეთაშია რეგისტრირებული და თბილისში შემოიყვანა მგზავრი. რა უნდა უთხრას პატრულმა, როცა იგი აჩვენებს სარეგისტრაციო  დოკუმენტებს? ერთადერთ შემთხვევაში აღსრულდება კანონი, მცხეთელ ტაქსისტს თუ გაყვება მთელი დღის განმავლობაში საპატრულო ეკიპაჟი და ნახავს, რომ აიყვანა თბილისში მგზავრი და გადაიყვანა თბილისშივე. ანუ სამეწარმეო საქმიანობა აწარმოა თბილისში. ეს კი შეუძლებელია საპატრულო ეკიპაჟის არსებული რესურსით,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

კანონის მიხედვით, მხოლოდ ფიზიკური პირია ვალდებული აიღოს ტაქსის ნებართვა. კომპანიებს, რომლებსაც საკუთარ ბალანსზე ჰყავთ ავტომობილები და დაქირავებული მძღოლებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, ამის ვალდებულება არ აქვთ, რაც ალაფიშვილის თქმით, არასწორია.

კანონის მიხედვითვე, ერთნაირად ჯარიმდება მძღოლი, რომელიც არაარეგისტრირებული და ასევე ფირნიშის გარეშე განახორციელებს საქმიანობას, ასეთები კი ქალაქის მასშტაბით უკვე გამოჩნდნენ. რაც შეეხება პირობითად „მცხეთელი ტაქსისტის“ დაჯარიმებას, იურისტი განმარტავს, რომ სიმართლის დადგენას ასეთი მძღოლები სასამართლოში აუცილებლად შეძლებენ, თუ რა თქმა უნდა, მგზავრის თბილისის შემოყვანის შემდეგ სხვა მგზავრებსაც არ მოემსახურნენ.

ლიცენზია აქვს, თუმცა ავტომობილის გადაღებვის ვალდებულება არ გააჩნია ტაქსის მძღოლ მიხოს. როგორც ის „ფორტუნას“ უყვება, კომპანია, რომელთანაც მას ხელშეკრულება აქვს დადებული, მას ათავისუფლებს მსგავსი რეგულაციებისგან. შესაბამისად, ტაქსის რეფორმის მომდევნო ეტაპი მას არ შეეხება. ამის მიღმა კი შეღავათებს, რომელსაც მერია სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლებს დაუწესებს და შეღებვის ვაუჩერს უფასოდ გადასცემს, მიხოს შეფასებით, მძღოლებისთვის ეს დამატებითი მოტივაცია და წახალისება იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები