“ომეგა” ჯგუფის საკითხზე განცხადება გააკეთა ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა. ზაზა ხატიაშვილის მტკიცებით, ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ტელეკომპანიების, „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის უპრეცედენტოა.ადვოკატი „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
„ერთი კვირის წინ გავმართე ბრიფინგი და განვაცხადე, რომ ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იყო მონტაჟი. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მე მივმართე ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო დაწესებულებას. დღეს მივიღე შოკისმომგვრელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ბოლო ნაწილში წერია – „ჩემი გამოცდილებით აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. სამივე ჩანაწერი იძლევა საფუძველს ითქვას, რომ აუდიო-ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დასკვნა ქართული სამართალდაცვის სივრცისთვის არის უპრეცედენტო. დასკვნის სანდოობა არის 100%-იანი“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ჩხარტიშვილი ივანიშვილთან დაახლოებული პირია და სწორედ მან შეახვედრა ივანიშვილი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.