LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი თვალებს მთხრიდა – 5 ივლისის აქციის შემდეგ, ათი დღე უსინათლო ადამიანივით ვცხოვრობდი და დღემდე ვაგრძელებ მკურნალობას: ილია თვალიაშვილი

95
ილია თვალიაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისას დაშავებულმა ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სთხოვა უმკაცრესაც დაისაჯოს ის, ვინც მასზე იძალადა. როგორც თვალიაშვილმა აღნიშნა, „უამრავ აქციაზე აქვს ნამუშევარი, მაგრამ მსგავსი სიტუაცია არასდროს ყოფილა“.

როგორც თვალიაშვილი ყვება, „ადამიანებმა, რომელთაც არ იცნობდა და მათთვის არაფერი უთქვამს, ძირს დააგდეს, ზოგი თავში ურტყამდა, ზოგი ტანზე, ზოგი კი თვალებს თხრიდა“. როგორც დაზარალებული ოპერატორი განმარტავს, 7 თვე გავიდა მომხდარი მოვლენებიდან, თუმცა ის მკურნალობას ჯერ კიდევ აგრძელებს და დღის განმავლობაში ერთ ფირფიტაზე მეტი გამაყუჩებლები სჭირდება, რომ ტკივილები გაიყუჩოს“.

„წარმოიდგინეთ, რომ ბუშტი გაბერო და დაფუშო, ეგრე მაქვს თავის ტკივილი, რომელსაც ვერ ვიჩერებ. დღის განმავლობაში ერთ ფირფიტაზე მეტი გამაყუჩებლები მჭირდება ამ დრომდე, ტკივილები რომ გავიყუჩო.

ერთ-ერთმა ნავარჯიშევმა ადამიანმა მითხრა, გაერიდე აქაურობასო. ნელა-ნელა უკან-უკან ვიწევდი, რის დროსაც ამ ჯგუფმა შემითრია თავისკენ. რაც მახსოვს, ძირს დამაგდეს და არც ვიცი, როგორ გამისწორდნენ. 10-15 კაცი მაინც იქნებოდა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობდი, რომლებისთვისაც არაფერი მითქვამს, ძირს დამაგდეს და ამდენი ადამიანი მისწორდებოდა. ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი ტანზე მირტყამდა, ზოგი თვალებს მთხრიდა. 7 თვე გავიდა იმის მერე და ამ დრომდე ვმკურნალობ. ახლაც ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით“, – ეს არის ფრაგმენტი მისი სასამართლოში 11 თებერვალს მიცემული ჩვენებიდან.

როგორც ილია თვალიაშვილი ყვება 5 ივლისს, ქაშუეთის ეკლესიის სიახლოვეს ათზე მეტი ადამიანი მაშინ გაუსწორდა, როცა პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდა რუსთაველის გამზირიდან, რის შედეგადაც თითქმის სრულად განადგურდა მისი კამერა და პირდაპირი ეთერის სიგნალის გადამცემი აპარატურა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 35 000 ლარია, თავად კი კლინიკაში თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყვანა პოლიციამ. ილია თვალიაშვილს ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ დაუზიანდა მხედველობაც და ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერაფერს ხედავდა.

„ზუსტად არ მახსოვს. თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ ჩემი გადაღებული მასალიდან. დავარდნამდე, დავარდნის მერეც, სანამ კამერა და ლაივიუ დაზიანდებოდა, მანამდე თითოეული კადრი არის გადაღებული, როგორ მისწორდებოდნენ. შეიძლება ყველა ის ადამიანი, ვინც მე მისწორდებოდა, იმ კადრებში იყვნენ მოქცეულები. პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ეს კადრები. ბატონო მოსამართლე, ერთს ვიტყვი კიდევ. გარდა იმისა, რომ მე დავზიანდი, კამერა სულ განადგურდა. ტელევიზიაში იყო 2 თვის განმავლობაში, დალეწილი და განადგურებული. არავინ დაინტერესებულა, მე დავამტვრიე და მოდი ავანაზღაურებ, ან რამე მსგავსი. ჩემთანაც კი არავინ მოსულა, ბოდიში არავის მოუხდია და უკითხავს, ჯანმრთელობის რა მდგომარეობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოდან გამოვდიოდი და შევდიოდი. ახლაც ეგრე ვარ, თვეში ერთხელ მაინც მჭირდება ექიმთან ვიზიტი.

მაგ პერიოდში მეუღლე მყავდა ორსულად, დღე-დღეზე ელოდებოდა ბავშვს. პოლიციამ რომ გამიყვანა იმ ადგილიდან, არ მახსოვს, მანქანაში როგორ ჩამსვეს. გონება დაკარგული მქონდა, მახსოვს, რომ პოლიციის მანქანაში მოვედი გონზე და რაციაში ისმოდა წივილ-კივილის ხმა. ჩემი ჟურნალისტი ყვიროდა, ოპერატორი მომიკლესო, რაღაც ტერიტორიას უთითებდა, იქ გდია, მკვდარია და მიშველეთო. ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანის ხმა. კადრები არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ წიოდა და კიოდა გოგო. ახლა წარმოიდგინეთ, ჩემი ორსული ცოლი რომ ამას გაიგონებდა, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა. გარდა მაგისა, ბავშვი მყავს აუტისტური სპექტრის აშლილობით. ის ბავშვი რომ გაიგებდა, რომ მამამისი სრულიად უდანაშაულოდ [ასე სცემეს]…

მე რომ პოლიციას იქიდან არ გავეყვანე, ეს ადამიანები ისე მცემდნენ, ისე მომკლავდნენ, ვერც ერთი ვერ გაიგებდა, რომ მკვდარი ვიყავი, ისე უმოწყალოდ მირტყამდნენ. ბოლოს რაც მახსოვს, თავში დამარტყეს ძალიან ძლიერად და თავი დაარტყი ასფალტზე. მერე აღარაფერი მახსოვს“, – განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

დაზარალებული ოპერატორის თქმით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ის სამსახურებრივ მოვალეობას ვეღარ ასრულებს.

„ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ, რადგან ჩემ დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მეხსიერებაზე მაქვს პრობლემა, მავიწყდება რაღაცები. ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო. სათვალე მანამდე არასდროს მკეთებია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ.

რაც შეეხება სამსახურს, პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული, მაქსიმუმ შეიძლება, „ლაივჩართვა“ გავაკეთო, კამერა შტატივზე დავდგა, ჩავრთო, გავთიშო“, – განაცხადა თვალიაშვილმა.

ფოტო: პირველი არხი