LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი: ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებული ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

90
თამარ იაკობიძე

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ 5 ივლისს ჟურნალისტების ცემის ფაქტზე დაკავებულ ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის „პალიტრანიუსის“ ოპერატორი რომა ტარუღიშვილი.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა გამომძიებლები, ექსპერტები და ასევე, ჟურნალისტი, რომლებზეც ძალადობა განხორციელდა. მომდევნო პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს. დღეს პროცესზე სხვადასხვა ექსპერტები დაიკითხნენ, მათ შორის, ექიმიც. სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე ლაშქარავას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.

რაც შეეხება სხვა ექსპერტებს მათ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა, საუბარია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ სადარბაზოს დათვალიერებაზე, რა დროსაც ამოღებული იქნება სხვადასხვა ნივთები. ასევე, დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც კონკრეტული მოქმედებები ჩაატარეს.

ასევე, მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაგზავნილი იქნა ალექსანდრე ლაშქარავას სამედიცინო ისტორია, რაზეც ექსპერტმა შესაბამისი დასკვნა გასცა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ცნობილია, რომ ბრალდებულებს ბრალდება დაუმძიმდათ.

სასამართლო პროცესზე მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაცია და გამოკვლეული ვიდეომასალები შეჯამდება დასკვნით სიტყვაში. სასამართლო პროცესზე მოწმეთა მიერ, მათ შორის მირანდა ბაღათურიას მიერ მიწოდებული ინფორმაციით ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება.“ – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები