„სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა“, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 15 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რამაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა 24-საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ და 2021 წლის 14 ოქტომბერს, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, განათავსეს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს ესკორტირების და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც ევალებოდათ პატიმრის მონიტორინგი და რომელთათვისაც ცნობილი იყო წარსულში პატიმრის მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფაქტის თაობაზე, არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. სამსახურის განცხადებით, უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
2022 წლის 7 თებერვალს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე პროკურორს მიმართა.
2022 წლის 9 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააკმაყოფილა მიმართვა და დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ესკორტის ოფიცრების მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით – სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.