იუსტიციის სახლი, სადაც დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება, მოქალაქეებს დღეს 22:00 საათამდე მოემსახურება. იუსტიციის სახლებში შექმნილ ქაოსთან და ხალხმრავლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სახლები დღეს ყველა მსურველს მოემსახურება.
„იყო დღევანდელი დღე განსაკუთრებულად გადატვირთული იმიტომ, რომ მოქალაქეებს უნდათ, რომ კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეა, პირველ ოქტომბრამდე, დღეს პარასკევი დღეა, რატომღაც მოქალაქეების დიდმა მასამ მოიცადა ბოლო დღემდე, მანამდეც შეეძლოთ მათ შვიდ გარემოში ეს სერვისი მიეღოთ, მაგრამ მინდა სიმშვიდისკენ მოვუწოდო ყველას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს 04:00 საათამდე 6 ათას 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ დღეს დღეში 8500 ადამიანს ვემსახურებით, რიგში დგას კიდევ ბევრი, იმიტომ, რომ ეჩქარებათ პირველ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი, მინდა ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოქალაქეები დილიდან უკმაყოფილებას გამოთქვამდენენ, რომ სერვისის მისაღებად დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ რიგებში დგომა. იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა გადავირთულობის მიზეზი უკვე განმარტეს. მათი ინფორმაციით დღეს სერვისის მისაღებად რეკორდული რაოდენობის მოქალაქე დაფიქსირდა .
ძირითადი მოთხოვნა კი ორ სერვისზე იყო – თბილისის ტაქსის ლიცენზია და მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.
შეგახსენებთ, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის მიღება 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ, გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის სახლის საჯარო სერვისები შაბათ-კვირას არ მუშაობან, მძროლებმა დღის ბოლომდე უნდა მოასწრონ რეგისტრაცია , წინააღმდეგ შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდებიან.