ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია, – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 27 სექტემბერზე, რომელიც საქართველოს ისტორიაში მძიმე და ტკივილით აღსავსე თარიღია. “დღეს 27 სექტემბერია, უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. 25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.