LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკუჩავა: სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიების მიზნით კომისიის შექმნის საკითხი უკრაინის რადაშიც განიხილება

73
თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით, კომისიის შექმნის საკითხი უკრაინის რადაშიც განიხილება.

ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნას, ოპოზიციონერი დეპუტატები მხარს დაუჭერენ და გააცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საზედამხედველო მექანიზმის გამოყენება მაშინ, როდესაც „ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია“.

„დღეს განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ბიუროს სხდომაზე, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კომისია შეიქმნას.

ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული საკითხი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა იმისთვის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ბერკეტი პარლამენტის და საკანონმდებლო ორგანოს ხელში.

ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საზედამხედველო მექანიზმის გამოყენება მაშინ, როდესაც ყველა ინსტიტუცია ქვეყანაში არის მიტაცებული და შეუძლებელია სიმართლის დადგენა.

ამის გათვალისწინებით, მე იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც საკუთარ თავს მოიაზრებს ოპოზიციაში და ვისაც სურს, რომ სიმართლე დადგინდეს ამ საკითხზე, მხარს დაუჭერს კომისიას და ამ შემთხვევაში, „ქართლი ოცნების“ გადასაწყვეტი ეს არ იქნება.

ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის რადას წევრებთან ძალიან ახლოს, მათ შორის, განიხილება უკრაინის რადაშიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ირგვლივ კომისიის შექმნის საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ ვითანამშრომლებთ მათთან ამ საკითხზე, იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ მას, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება მთელ რეგიონს, იმიტომ, რომ ეს არის გზავნილი პუტინის მხრიდან ნებისმიერი პროდასავლელი რეფორმატორის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინასთან ამ საკითხზე,“– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ