ცენტრალური საარჩევნო კომისია სამოქალაქო „პლატფორმა 20/20“-ის დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, “შუალედური არჩევნების წინ ცესკო-მ ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის კომისიები “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი პირებით დააკომპლექტა”.
ცესკოს განმარტებით, ცესკოს წევრებმა კონკურსანტების შერჩევისას იხელმძღვანელეს მათი პროფესიონალიზმით.მათივე შეფასებით, ლაშა ფარულავას განცხადება დეზინფორმაციაა.
ცესკო მოუწოდებს „პლატფორმა 20/20“-ის ლიდერს კონსტრუქციულობისა და ეთიკის ნორმების დაცვისკენ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
„ბატონმა ფარულავამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს უწოდა ფორმალური და განაცხადა, რომ კონკურსი „ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტებს“. თუმცაღა, მასაც რომ ედევნებინა გასაუბრებებისთვის თვალი, გაიგებდა, რომ ცესკოს წევრებმა კონკურსანტების შერჩევისას იხელმძღვანელეს მათი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, არაერთ მათგანს აქვს საარჩევნო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და ისეთი ცოდნა, რომელიც შუალედური არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებას შეუწყობს ხელს. მოვითხოვთ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის“ – აცხადებენ ცესკოში.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას განცხადებით, შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის კონკურსი ფორმალური იყო და მიუკერძოებლობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
პლატფორმა 20/20-ის მტკიცებით, ბათუმში, ცესკომ კომისიის დროებით წევრად აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის საქმის ოქროს მოწმე, ზაალ ზაალიშვილი აირჩია. დღეს გამართულ ბრიფინგზე ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, დანიშნულები არიან პირები, რომლებიც შემჩნეული არიან წლების განმავლობაში არჩევნების ფალსიფიკაციასა და მანიპულაციაში.