LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მატჩზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს ეს თამაში გადამწყვეტია: ამ რესურსით ევროტურნირებზე წარმატება რთულია – Exclusive ლევან კობიაშვილთან

47
kjr-3129

მალე საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი აიღებს სტარტს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია სიახლეებით ხვდება.
ივნისში საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელის ერთა ლიგაზე, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მორიგი შანსია, რათა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიასპარეზოთ.

ახლახან კი ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჩვენმა ნაკრებმა სადებიუტო ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ დღეს “ავტორადიოს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა.

ფუტსალის ნაკრების ისტორიული წარმატება

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული სპორტის გულშემატკივრებს და თქვენ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ტურნირის განმავლობაში ძალიან აქტიურად იყავით ჩართული და ეს ბიჭები დიდ მუხტს და ენერგიას იღებდნენ თქვენგან. როდესაც ჩვენი გუნდი მოვიდა ფეხბურთის ფედერაციაში, ქართული ფუტსალი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ დავისახეთ გეგმა, რომ ეს სახეობა საქართველოში უფრო მაღალ დონეზე ასულიყო. განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ წარმატებისკენ ჩვენი გუნდი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. მთავარია, იყოს გეგმა, რომელიც იარსებებს და მისკენ მიზანმიმართული, ეტაპობრივი სვლით აუცილებლად მიიღწევა წარმატება.

ერთია, რომ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ წარმატების მიღწევაზე გაცილებით რთულია მისი შენარჩუნება. ამიერიდან, ყველა უფრო გულმოდგინედ დაგვაკვირდება და მნიშვნელოვანია ეს თამასა არ დავაგდოთ. მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება და უკვე ამ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. ალბათ ნახეთ, ავთანდილ ასათიანის ემოციური სიტყვები, რომლითაც მან ფეხბურთელებს მიმართა და დარწმუნებული ვარ, ეს დიდი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია.

ქართული ფუტსალის განვითარება

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2016 წლიდან დაიწყო საქართველოში ამ სპორტის სახეობის, ასე ვთქვათ, ხელახლა აღორძინება. არც ჩემპიონატი არსებობდა მაშინ და გაშუქებაზე საერთოდ საუბარიც არ იყო. ჩვენ შევძელით ჩემპიონატის აღდგენა, ხორციელდება ყველა მატჩის ტრანსლირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი, კარგად შეფუთული პროდუქტის მისაღებად და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატის დონის ამაღლებას, ჩვენ, როგორც ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უნდა შევუქმნათ მაქსიმალური პირობები გუნდებს, რომ მათ შეეძლოთ მატჩების ჩატარება და ჩემპიონატს ჰქონდეს ინტერესი. დონის ამაღლება კი, უფრო მეტად მათზეა დამოკიდებული, ვიდრე ფეხბურთის ფედერაციაზე. კლუბებმა უნდა უზრუნველყონ მაღალი დონის ფეხბურთელების მოყვანა და იზრუნონ მათ განვითარებაზე. ფედერაცია კლუბის შიდა მენეჯმენტში ვერ ჩაერევა. ჩვენი მხრიდან, რაც არის აუცილებელი, იმას აუცილებლად შევასრულებთ.

ფედერაციის მთავარი გეგმა და მიზანია, რომ ეს ფუტსალი უფრო მასობრივი გავხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მეტი ბავშვი დაინტერესდეს. უკვე გვაქვს გეგმა, რომ ფუტსალი მაქსიმალურად შევიდეს სკოლებში და სკოლის ასაკიდანვე მოხდეს ბავშვებისადმი ამ სპორტის სახეობის გაცნობა.

ეროვნული ლიგა

ეროვნულ ლიგაში ვიდეორეფერის დანერგვა იდეის გაცხადების დღიდან აქტუალობას არ კარგავს. ამ საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და, როგორც დაგეგმილი იყო, ახალ სეზონში VAR სისტემა აუცილებლად იქნება. უბრალოდ, თავიდან ტურის ყველა შეხვედრაში ვერ მოხერხდება და ცენტრალურ შეხვედრებზე გამოვიყენებთ. ვიდეორეფერის სისტემის ამოქმედება საჭიროებს სტადიონების გამართულ ინფრასტრუქტურას, რაც სამწუხაროდ საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ყველა სტადიონი არ არის ისე მოწყობილი, რომ ვიდეორეფერისთვის საჭირო დამატებითი კამერები დამონტაჟდეს, მაგრამ როგორც ვთქვით მომავალ სეზონში გარკვეულ მატჩებზე ვიდეორეფერი აუცილებლად იქნება, რაც მსაჯთა შეცდომებს და მათ მიმართ გუნდების უკმაყოფილებას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

ყველას სურვილია ეროვნული ლიგა გაცილებით მაღალ დონეზე იყოს, მაგრამ ამას მარტო ფეხბურთის ფედერაცია ვერ მოაგვარებს და ფედერაცია ვერ აამაღლებს ეროვნული ჩემპიონატის დონეს. კლუბებმა თავად უნდა განსაზღვრონ გუნდის მომავალი, ჩამოიყვანონ მაღალკვალიფიციური ქართველი ფეხბურთელები თუ ლეგიონერები, უნდა იყვნენ ფინანსურად გამართული და ამის შემდეგ განვითარდება ეროვნული ლიგაც. ისინი არ უნდა დაკმაყოფილდნენ საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებით, რადგან ამდენი წელია ვხედავთ, რომ ევროსარბიელის დონისთვის არ არის საკმარისი. ამიტომაც, გუნდებმა უნდა დაისახონ სატრანსფერო პოლიტიკა, სამომავლო გეგმა და თავად უნდა იზრუნონ მუდმივ განვითარებაზე. ეს უფრო კლუბებზეა დამოკიდებული, ვიდრე ფეხბურთის ფედერაციაზე.
პირდაპირ ვიტყვი, რომ იმ რესურსით, რაც დღეს ქართულ კლუბებშია, ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია.

ერთა ლიგა

ეს არის ტურნირი, რომელსაც თითოეული გულშემატკივარი სულმოუთქმენლად ელის და არც მე ვარ გამონაკლისი. პირველ რიგში, ჩვენ ყველა ჩვენი გუნდის გულშემატკივრები ვართ და მერე ვართ ზოგი ჟურნალისტი, ფედერაციის პრეზიდენტი თუ სხვა. მიზანი, როგორც ყოველთვის, არის თითოეული მატჩის მოგება და ყოველ მატჩში ისე უნდა გავიდეთ მოედანზე, რომ თითქოს ეს თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. რთულია ზაფხულში, ასეთი მცირე დროის მონაკვეთში 4 მატჩის თამაში, მაგრამ ბიჭებმა უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენთვის თითოეული შეხვედრა ფინალის ტოლფასია.

ჯაბა კანკავა

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ჯაბას იმ ყველაფრისთვის, რაც მან საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა. დიდი პატივი იყო მის გვერდით მოედანზე დგომა. ჩემი პირადი აზრია, რომ ჯაბას კიდევ შეეძლო ნაკრებში თამაში და საქართველოსთვის წარმატების მოტანა, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და მას პატის ვცემთ.

გაცილების მატჩზე ჯერ საუბარი არ არის. ეს ჯაბას სურვილზეცაა დამოკიდებული, მაგრამ ვფიქრობ ასეთი ფეხბურთელი ნაკრებიდან გაცილებას იმსახურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები