LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-6 ივლისის საქმეებზე, სიძულვილით მოტივირებული, ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი ჯერ კიდევ არ არის დაკავებული

76
5-6 ივლისის საქმე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი  5-6 ივლისის საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის პირველად ანგარიშს აქვეყნებს.

DRI-ს შუალედურ ანგარიშში მიმოხილულია 2021 წლის 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული დარბევების პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტი და 5 ივლისის ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო განხილვებზე დაკვირვების შედეგები.

მონიტორინგის არეალი მოიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე ოთხ საქმეს. მონიტორინგის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მონიტორი 15 სასამართლო სხდომას დაესწრო.

2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ  მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 5-6 ივლისის ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 6 სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს 31 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 59 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი.

თუმცა, 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმეებსა და სტატისტიკაში არსებულ მონაცემებს ბევრად აჭარბებს როგორც ძალადობის მონაწილეთა, ისე დაზარალებულთა რაოდენობა.

მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო მონიტორინგისას სავარაუდო მოძალადეების დაცვის მხარის არგუმენტაციაც სწორედ ღარიბაშვილის განცხადებას ემყარებოდა, რომ „სახელმწიფოს პოზიცია და ნება განცხადებული ჰქონდა“ და, შესაბამისად, „ღირსების მარშის“ კონტრაქციაში მონაწილეობა გამართლებული იყო.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული.

DRI-ის დამკვირვებლის ინფორმაციით, სასამართლო სხდომებზე ორგანიზატორების რანგში რამდენჯერმე გაიჟღერა ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე (კოკა) მორგოშიას სახელებმა.

2021 წლის 5-6 ივლისს „სიძულვილის ჯგუფების“ მიერ ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა: საჯაროობისა და მოქალაქეთა დასწრების პრობლემა,  სასამართლო სხდომაზე დაცვის  მხრიდან გამოვლენილი სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკა და დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვის პროცესში დამაშინებელი და მტრული გარემოს არსებობა.

საქმეების სასამართლო განხილვა გრძელდება, შესაბამისად, მონიტორინგის წინამდებარე დოკუმენტი შემაჯამებელ ანგარიშს არ წარმოადგენს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განაგრძობს 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების შედეგებზე დაკვირვებას.