30 იანვარს გარდაბანში სისხლიანი გარჩევა მოხდა. ქორწილში ერთმანეთს სიძე-პატარძლის ნათესავები დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, ნაცემია ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 3 წლის ბავშვი და დედამისი. პატარძლის ოცამდე ნათესავმა, სიძის ახლობლებს მძიმე დაზიანებები მიაყენა.
მამედოვების ოჯახი ამტკიცებს, რომ პატარძლის ნათესავები სასტიკად გაუსწორდნენ.
მათი თქმით, ჩხუბის დროს ოჯახის 4 წევრი, მათ შორის სამი წლის ბიჭს გამეტებით ურტყამდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მესამე დღეა სასტიკად ნაცემი ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაშია და ექიმები ამ წუთებშიც მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. მისი ახლობლების მტკიცებით, არმატურებით ცემის შემდეგ, მას პატარძლის ნათესავებმა მანქანაც კი დააჯახეს.
სისხლიან გარჩევაში მონაწილე ყველა პირი პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.
ჩხუბის დაწყების მიზეზზე საუბრისას, ერთ-ერთი დაშავებული ჰყვება:
„ქორწილში ვიყავით. ვცეკვავდით და პატარძალს ფული მივაწოდეთ ხელში ასეთი წესია. ამის მერე წამოვედით უკვე სახლისკენ. ასე უცებ უმიზეზოდ მე, ჩემ მეუღლეს და ბიძაჩემს გამოგვეკიდნენ ბიჭის ნათესავები.
20 კაცამდე მთვრალი კაცი უაზროდ გვირტყამდა, მათ შორის მეც და ჩემ 3 წლის შვილს. ისე დაარტყეს პატარა ბავშვს დღემდე ვერ ჯდება ისეთი დაზიანებები აქვს. სასტიკად სცემეს ჩემი მეუღლე. 20 კაცი ურტყამდა, მას შემდეგ რაც ბიძაჩემი გადაეფარა და ის სასიკვდილოდ გაიმეტეს”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
“ასაკოვან კაცთან ჩვენ გვაქვს სახის ძვლების მოტეხილობა, არის თავის ტვინის შერყევა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას რაზედაც უარი განაცხადა, მიმდინარეობს მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
რაც შეეხება ახალგაზრდა პაციენტს, ჩატარებულია მკურნალობა, იყო შუბლის ძვლების მოტეხილობა.. ორივე ამ ეტაპზე არის კონტაქტური, მდგომარეობა სტაბილურია”, – ამბობს ექიმი გიორგი კორძახია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებას მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.