LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად შეინარჩუნა

227

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად. ყოველი სხდომის შემდეგ ქვეყნდება პრესრელიზი, რომელშიც აღწერილია ფინანსურ სისტემაში მიმდინარე პერიოდში არსებული ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები, და კომიტეტის გადაწყვეტილებები. ამასთან, წელიწადში ორჯერ, კომიტეტის სხდომის შემდგომ, იმართება პრესკონფერენცია.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს საგარეო რისკებს, ადგილობრივ მაკრო-ფინანსურ გარემოს, შინამეურნეობებისა და კომპანიების რისკებს, საბანკო და არასაბანკო სექტორების სისტემურ რისკებს. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის ისეთი ინსტრუმენტების შესახებ, როგორიცაა: კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი, კაპიტალის დამატებითი ბუფერები, სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტები, ლიკვიდობის მოთხოვნა და სხვა.

საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია.

”2018 წლის დასაწყისიდან, კაპიტალის ადეკვატურობის ახალი ნორმების შემოღების შედეგად, კომერციული ბანკების კაპიტალის ხარისხი გაუმჯობესდა და რისკებზე დაფუძნებული გახდა. ამავდროულად, გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე, უმოქმედო სესხების წილს მთლიან დაკრედიტებაში კლების ტენდენცია აქვს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, უმოქმედო სესხების წილი საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული კლების ტენდენციის ზედმეტად ოპტიმისტურად ინტერპრეტირება და ცალსახა დასკვნის გაკეთება, რომ სესხებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი დაბალია. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 5.5 პროცენტი შეადგინა. შედეგად, ერთობლივი გამოშვება მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდა. ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაიზარდა მაკროეკონომიკური და ფინანსური რისკების ადგილობრივ ეკონომიკაზე გადმოცემის საშიშროება, რამაც, გარკვეულწილად, ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზე მერყეობა გაზარდა. ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად თანმიმდევრულ მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ატარებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, შეინარჩუნა. დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 2018 წლის აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19% შეადგინა, საიდანაც 11.5% შინამეურნეობების, ხოლო 7.5% კომპანიების დაკრედიტებაზე მოდის. რაც შეეხება სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობას, დაკრედიტების აღნიშნული ზრდის გათვალისწინებით, იგი გრძელვადიან ტრენდს1 გარკვეულწილად აჭარბებს, რაც ნაწილობრივ კურსის ეფექტით და ნაწილობრივ სესხების ზრდით არის განპირობებული. კომპანიებზე გაცემული სესხების ზრდა სასურველ ფაგლებშია თუმცა, კომპანიების დაფინანსებაში კვლავ მაღალი დოლარიზაცია ნარჩუნდება.

ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, სესხების ფასდადებისას სათანადოდ შეაფასონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკი. ფინანსური სისტემისთვის დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკები კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბოლო პერიოდში, უცხოური ვალუტის სესხებზე ადგილობრივად შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, იზრდება ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხები. აღნიშნული, როგორც მსესხებლების, ისე ბანკების მხრიდან, უცხოური ვალუტის რისკების არასათანადო შეფასებაზე შეიძლება მიუთითებდეს, რაც საყურადღებოა ფინანსური სტაბილურობის რისკების კუთხით. უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ზრდის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სუვერენული რისკ-პრემიის ფაქტორიც, რომელიც, ფინანსური კრიზისის შემდგომ ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამდენად, უცხოური ვალუტის ფონდირების რისკების შეფასებისას, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების შესაძლო გავლენა განვითარებადი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ რისკ-პრემიაზე. აღნიშნულ რისკების პრევენციისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების სათანადოდ გათვალისწინების შესახებ მიუთითებს. ამავე დროს, საპროცენტო რისკს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრეს სცენარების ანალიზისას.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის შემოღების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა (PTI) და უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს. აღნიშნული ნორმები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რისი მიზანიც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის მაღალი დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკების შემცირებაა. დებულების სამუშაო ვერსია საჯარო განხილვისთვის 16 ივლისს გამოქვეყნდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შენიშვნებისა თუ მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა დებულების განახლებული პროექტი, რომლის მიღება მიმდინარე თვის ბოლოსთვის მოხდება. დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო იქნება 2018 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან სესხის ყველა გამცემ სუბიექტზე გავრცელდება. აქვე აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი, რომელიც 50 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული ცვლილება დამატებით შეუწყობს ხელს ბაზარზე მაღალრისკიანი პროდუქტების შეკვეცას.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს და საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას, საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 21 ნოემბერს გაიმართება”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები