საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს ეხმიანება. როგორც ჯაფარიძე წერს, “ნაციონალური მოძრაობიდან წამოსვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მიიღო. ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდების შემდეგ აპირებს ერდოღანს, ალიევს და ორბანს მიბაძოს.
“ყოველთვის როცა მეკითხებიან მიტყდება თუ არა ახლა, რომ ოდესღაც ნაციონალურ მოძრაობაში მივედი, ვპასუხობ რომ არა, რადგან გულწრფელი გადაწყვეტილება იყო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.
აი ამ ადამიანთან ასოცირება მიტყდება. თან მაგრად. მოახერხა და ბოლომდე გააუპატიურა ყველაფერი რისიც მჯეროდა როდესაც მის პარტიაში მივედი,”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მასთან იდეური განსხვავებები შეუძლებელია გქონდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილს “არ გააჩნია ერთი პრინციპიც კი და რომელიც ძალაუფლების გულისთვის მზად არის ყველაფერზე ხელი მოაწეროს, literrary ყველაფერზე”.
“‘კარგად დაფინანსებას’ რაც შეეხება – გირჩს აქვს ერთადერთი ოფისი თბილისში, არ აქვს პარტიული სტრუქტურები და ოფისები რეგიონებში, რომლებშიც ენმ, ისევე როგორც სხვა პარტიები, ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ, არ აქვს სატელევიზიო და ქუჩის რეკლამა რომელიც ძალიან ძვირი ღირს, და გირჩის წევრების ნაწილს აქვს სხვა სამუშაოც, საიდანაც იღებენ შემოსავალს. ბოლო თვეების განმავლობაში ოფისის ქირას, რომელიც ჩვენი მთავარი ხარჯია, იხდის ვახო მეგრელიშვილი ან ბიბლიური თავისუფლება (შემოწირულობებიდან). (ამ გაჭირვებასაც მალე დავამთავრებთ რომ საწუწუნო არ გვქონდეს)
ასე რომ, ბ-ნო პრეზიდენტო, შეგიძლიათ მთაწმინდაზე ახვიდეთ და რიგში ჩადგეთ
პ.ს. ჩემი ფბ მეგობრებიდან ვინც ეს სტატუსი დაალაიქეთ, ანუ დაიჯერეთ რომ მე 3 მილიონი დოლარი მაქვს აღებული, ყველას დაგემშვიდობეთ. გავმდიდრდი და აღარ მევასება თქვენი ყურება,”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ დაწყებული მწვავე დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილთან. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჯაფარიძე ენმ-დან წამოსვლის საფასურად ბიძინა ივანიშვილისგან 3 მილიონის აღებაში დაადანაშაულა, ამ ბრალდებას ზურაბ ჯაფარიძისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
“ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა,სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო.
კაცი იყო პოლიტიკური მდივანი,ე.ი,თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ,რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას,ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ,სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა,სამწუხაროდ,ძალიან მარტივი და ბანალურია-პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები,ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთერთი მფლობელი. რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას,სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული “გირჩი” არ მოევლინა.
“იდეურ განსხვავებებს” ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ.ოღონდ,იცოდეთ ბიჭებო,ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ,”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.