LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: სწორი რეზოლუცია იქნება ის, სადაც ნახსენები იქნება, რომ ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხის წყარო რუსეთია

71
ბადრი ჯაფარიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს, მისი თქმით, სწორი რეზოლუცია.

ჯაფარიძის თქმით, კვლავ ჩანს მცდელობა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ პრობლემებიდან თითქოს გაყვანილი იყოს და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციასა და დაძაბულობაზე:

“პარლამენტის სწორი რეზოლუცია იქნება ის, სადაც ნახსენები იქნება, რომ ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხის წყარო არის რუსეთის ფედერაცია.

დავარქვათ ამას არგაღზიანების პოლიტიკა, უხერხემლო პოლიტიკა თუ სხვა, კვლავ ვხედავთ მცდელობას, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს გაყვანილი იყოს ამ პრობლემებიდან და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციასა და დაძაბულობაზე.

რუსეთის ფედერაცია არ უარყოფს, რომ ვითარება დაძაბულია, ისინიც ამბობენ, რომ ვითარება ძალიან დაძაბულია, მაგრამ ამაში ბრალს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და უკრაინის დღევანდელ მთავრობას სდებენ. მაშინ რით განსხვავდება ჩვენი შეფასება რუსეთის ფედერაციის შეფასებისგან, რომელიც იმავეს იმეორებს, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული, არის სამხედრო მოქმედებების დაწყების საშიშროება, ესკალაცია იზრდება და ამაში ჩვენს პარტნიორებს ადანაშაულებს.

თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, ამით ვიმეორებთ იგივე გზავნილს, რასაც რუსეთის ოფიციალური პროპაგანდა ამბობს.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ მოწოდებას, რომელიც უმაღლესმა რადამ გაავრცელა, სადაც პირდაპირ გვთხოვენ, დავგმოთ რუსეთის მოქმედებები, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული. გვთხოვენ, რომ მკაცრად დავგმოთ სამხედრო ესკალაციის მცდელობა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს დაუჭირა მხარი.

რეზოლუციის პროექტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაუჭირეს – კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.

არის საკითხები, რაზეც ეროვნული, ომის არდაშვების ინტერესიდან უნდა გამოხვიდე და შექმნილი დოკუმენტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცალო: მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები