იუმორისტი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ შემდეგი ერთი კვირა საკუთარ ჯანმრთელობას უნდა მიხედოს, ვინაიდან ფიზიკურად ანგრევს მომავლის ბუნდოვანება:
„ბოლო ერთი თვე ძალიან ბევრ რამეზე მომიწია ფიქრმა, საქმეს და კარიერას ვგულისხმობ.
ასაკი თავისას შვრება და ყველაფერზე უფრო ვღელავ, რადგან ახლა ბევრად ვღელავ ზოგადად მომავალზე.
ადრე, ადრეულ ახალგაზრდობაში, მეტი რისკის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს.
ახლა აღარ შემიძლია. ფიზიკურად მანგრევს მომავლის ბუნდოვანება. იმდენად მძაფრად ვღელავ, რომ ჯანმრთელობაზე დაიწყო ასახვა.
ამიტომ, ახლა ვაპირებ, ერთი კვირა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მივახმარო. ამ კვირაში, სიმშვიდეც მოვა ალბათ და საქმის მომავალსაც ბევრად მშვიდად განვსაზღვრავ.
ვეცდები, ყველას და ყველაფერს ზუსტი შეფასება გავუკეთო და სახელი დავარქვა.
აღარ მინდა ილუზიაში და თავის მოტყუებაში გავაგრძელო ყოფნა.
2022 წელია, წელს 44 წლის ვხდები და ჯერ კიდევ სრულიად ბუნდოვანია, რა იქნება, თუნდაც გაისად ამ დროს.
ჰოდა, ცოდო ვარ. მიყვარს ჩემი თავი და დიდხანს მინდა ბედნიერი იყოს?❤️
თქვენც ეცადეთ იცოდეთ თქვენი თავის ფასი და არასდროს შეეგუოთ უსამართლობას. პირველივე ასეთ მომენტში იყვირეთ, ხმამაღლა თქვით, რომ ასეთ მოქცევას არ იმსახურებთ.
და თუ არ გატყდებით, ნელ-ნელა ადამიანები პატივს სცემენ თქვენს პრინციპებს და ვერ გაგიბედავენ იმას, რაც მე ხშირად გავაბედვინე გარემოს.
ჩვენ არ გაგვიმართლა, ამ ქვეყანაში მცხოვრებთ – აქ რთულია უარის თქმა შემოსავალზე, სამსახურზე, ფულზე. სწორედ ესაა ხოლმე მიზეზი, რომ თვალს ვხუჭავთ უსამართლობაზე.
ამას ზოგი ადრე ხვდება, ზოგი გვიან, ზოგს სულაც ფეხებზე ჰკიდია.
მაგრამ ეს მართლა მთავარია – საკუთარი თავის დაცვა.
ყველაფერი კარგად იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ უკეთესად რომ იქნება – დარწმუნებული ვარ.
უბრალოდ, ახლა თავში ძალიან ძააალიან ბევრი მძაფრი აზრია, რომლებზეც უნდა ვიფიქრო და ისე გავაკეთო საყვარელი საქმე. შეცდომების და არასაჭირო დათმობების გარეშე.
ამისთვის მჭირდება ერთი კვირა და შეიძლება, ინტენსიურ კონტაქტზე ვერ ვიყო.
მიყვარხართ და მინდა, ერთმანეთის ბედნიერებით ვიყოთ განებივრებულები…“