საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, რომელიც 29 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი კორიდორისთვის, რადგან შესაძლებელს გახდის ტვირთების გადმომისამართებას ჩვენს დერეფანში და გაზრდის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებს.
„ახალი ნავსადგური დამატებით დაასაქმებს 200-მდე ადამიანს, შესაბამისად, ჩვენ ფოთის საზღვაო-სასწავლო ცენტრში ვმუშაობთ ახალი კურსების გახსნაზე, რომელიც ახლად გაჩენილ გამოწვევებს უპასუხებს საპორტე სექტორში”, – აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ფოთის ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.