თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
ბრალდების მხარემ დღეს პროცესზე საქმის გამომძიებელი დაკითხა.
როგორც პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, მოწმემ ზურაბ ადეიშვილის ბრალეულობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის საპატრულო პოლიციის იმიჯის დაცვას ცდილობდა, რის გამოც გამოძიება უწყების სასარგებლოდ წარიმართა.
“მოწმემ პირდაპირ დაადასტურა, რომ სწორედ მაშინდელი გენპროკურორი, ზურაბ ადეიშვილი იყო ის პირი, რომლის დავალებითაც მოხდა საპატრულო პოლიციის ვერსიის გამყარება და ამ ფორმით საქმის სასამართლოში წარმართვა, როდესაც რეალობა იყო აბსოლუტურად სხვა.
პირდაპირ გაიმეორა მოწმემ, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილმა წარმოთქვა სიტყვები, რომ საპატრულო პოლიცია იყო პრეზიდენტის მიერ შექმნილი ინსტიტუტი და მას ჩირქი არ უნდა მოსცხებოდა”, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის განმარტებით კი, საქმეში არ არსებობს პირდაპირი მოწმე, რომელიც ოქრუაშვილის ბრალს დაადასტურებს, ადეიშვილის ადვოკატი კი მოწმეს კითხვებს მომდევნო პროცესზე დაუსვამს.