LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

179
1

რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს ყელის კიბოზე, რამდენად არის შესაძლებელი მისი პრევენცია და ასევე მისგან განკურნება და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო იმუნიზაცია და სკრინინგი – ამის შესახებ ერთობლივ ინფორმაციას ჯანმო და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებენ.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა – ჯანმომ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა მხარი დაუჭირეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და სკრინინგის პროგრამების დანერგვას დაავადების ტვირთის შესამცირებლად.

მათ ერთობლივად აიღეს ვალდებულება, განაგრძონ მუშაობა ამ მიმართულებით WHO-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სტრატეგიის შესაბამისად.

 

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია

 

“საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან.

საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის.

“ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში აპვ ვაქცინის ჩართვას, რითიც იგი ხელმისაწვდომი გახდა 9-13 წლის გოგონებისთვის. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად”, – აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

2020 წლის ნოემბერში WHO-მ საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის, აღმოფხვრის დაჩქარების გლობალურ სტრატეგიას ჩაუყარა საფუძველი.

მასში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის სამი მიმართულება:

  • აპვ ვაქცინაცია;
  • საშვილოსნოს ყელის სკრინინგი;
  • მკურნალობა.

“სამივე პრინციპი უნდა განხორციელდეს ერთობლივად და საჭირო მასშტაბით ელიმინაციის მისაღწევად. საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, WHO-ს და UNFPA-ს წარმომადგენლობები საქართველოში ხაზს უსვამენ იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, კიბოსწინარე დაზიანებების მაღალი ხარისხის სკრინინგსა და მკურნალობას საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად და ტანჯვის შესამცირებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე აცხადებს, რომ ეს სერვისები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქალებისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელად მისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის:

“საქართველოში მცხოვრები ყველა ქალისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგ პროგრამაში რეგულარულ მონაწილეობას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენი აზრით, ეს სერვისები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქალებისათვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელად მისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისათვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას და გადავარჩინოთ სიცოცხლე”, – აცხადებს ბაქრაძე.

საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა მხარი დაუჭირეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და სკრინინგის პროგრამების დანერგვას დაავადების ტვირთის შესამცირებლად და აიღეს ვალდებულება განაგრძონ მუშაობა ამ მიმართულებით WHO-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სტრატეგიის შესაბამისად.

ამ ეტაპზე კი პრევენციის, სკრინინგის, მკურნალობის და მონაცემთა მართვის სფეროში შემდეგი ვალდებულებები იკვეთება:

◼  პრევენცია: 2019 წლიდან HPV ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 9-13 წლის გოგონებისთვის. ხოლო, 2022 წლის 12 იანვრის საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგონებში “გაწმენდის” რაუნდის ჩატარება შემდეგი სქემით:
o 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

o 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

◼  სკრინინგი: ეროვნული პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის.

◼  მკურნალობა: შემუშავდა საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები.

◼  მონაცემები: შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეგისტრი სკრინინგში მონაწილეობის და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.