საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ. საუბარია შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე სამინისტროს ახალი შენობის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოს შესყიდვას ითვალისწინებდა.
721 954 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2017 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა, შპს „ლენდ მარკ პროჯექტი’’ კი ერთი დღით ადრე შეიქმნა.
შესყიდვასთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევები აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა და საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნა.
„ლენდ მარკ პროჯექტის“ მფლობელი, ავთანდილ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ძმაა. ვახტანგ მახარობლიშვილმა საეჭვო ხელშეკრულებასთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ „ამ ყველაფრის საქმის კურსში არ იყო“.