„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელმაც კარიერის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას საინტერესო ამბებიც გაუზიარა.
გავიხსენოთ შენი პირველი პროფესია, პიანისტობა…
თათია შარანგია:
ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ იყო, ის იყო ჩემი მთელი ცხოვრება, ახლაც კი არ მჯერა, როდესაც წარსულში ვიხსენებ, მაგრამ ალბათ, როდესაც შენ ხარ მუსიკოსი, ის მთელი ცხოვრება გრძელდება. როდესაც სცენაზე პირველად აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც მუდამ მინდოდა ვყოფილიყავი. აპლოდისმენტები და მაყურებლის მხრიდან სიყვარულს, ვფიქრობდი, რომ ვერაფერი ჩამინაცვლებდა. საფრანგეთში წავედი 14 წლის ასაკში და ეს იყო საკმაოდ მძიმე პერიოდი. მიკრული ვიყავი მუდამ მშობლებთან, ქვეყანასთან და უცბად ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდი, სადაც ენა არ ვიცოდი, უცნობ ადამიანებში ძალიან დიდ კონკურენციაში მოვხვდი, თუმცა დიდი გამოცდილება მივიღე, ვფიქრობ, რომ ასეთ ასაკში არ უნდა მოწყვიტო ბავშვი სითბოს, თუმცა შედეგად იძენ გამოცდილებას.
თავდაპირველად ჩავაბარე რეგიონულ კონსერვატორიაში. გავიარე კონკურსი და ბოლო ტურში ვერ მოვხვდი, მაგრამ გული არ მტკენია, ერთ წელიწადში ჩავაბარე. ისეთი რთული იყო ეს ყველაფერი, რომ კალენდარი მქონდა და ყოველ დღე გასულ დღეებს ვხაზავდი. მქონდა დღიური და დღიურის საშუალებით ველაპარაკებოდი დედას. დღესაც ვეძებ ისეთ გამოწვევებს, რომლებიც დაუძლეველი მგონია.
საბოლოო ჯამში, გავიცანი ისეთი ადამიანები, რომლებიც ახლა საერთშორისო სცენებზე დგანან. პირველი ქართველი ვიყავი, ვინც დაამთავრა იქ კონსერვატორია და ვერ ვიტყვი, რომ ქართული მუსიკალური სკოლა მას რამით ჩამორჩება. არც ერთი მომენტი არ მიფიქრია იმაზე, რომ იქ დავრჩენილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შვილი საფრანგეთში გავაჩინე და ჩემთვის არის უსაყვარლესი ქვეყანა, თუმცა იქ მუდამ სტუმრად ვგრძნობდი თავს. ახლაც კი, როდესაც კონსერვატორიას ჩავუვლი ხოლმე, გული მიჩქარდება, ძალიან დიდ ნერვებად დამიჯდა ჩემი პროფესია, როცა გრძნობ, რომ ეს თითები აღარ არის, რომელიც მე მქონდა, პროტესტი მიჩნდება, თუმცა ვფიქრობ, რომ მუსიკა არ დასრულებულა ჩემს ცხოვრებაში და ერთი კონცერტი მექნება, რომლითაც ჩემს მსმენელს დავემშვიდობები.
როგორც ვიცი, შენ საქველმოქმედო საქმიანობაში იყავი ჩართული…
კი, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ჩამოვაყალიბეთ საქველმოქმედო ორგანიზაცია, ვმართავდი კონცერტებს, აბიტურიენტებს ვუტარებდით მასტერკლასებს, დათო ტურაშვილი უყვებოდა მათ განვლილ გზაზე, მეც ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი.
როგორი იყო ედუარდ შევარდნაძის რძლობა, როგორი იყო შენთვის ეს პერიოდი?
ეს იყო არაჩვეულებრივი პერიოდი, ოჯახი, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. პატარა ვიყავი, 17 წლის, როდესაც ჩემი ყოფილი მეუღლე გავიცანი, 19 წლის ასაკში შევქმენით ოჯახი. ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით მახსენდება ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ჩემთვის იყო მართლაც ბაბუ. ის სითბო და სიყვარული, რაც მისგან მივიღე, სულ მომყვება და მათბობს. ახლაც ვფიქრობ ხოლმე, რა კარგი იქნებოდა, ცოცხალი ყოფილიყო. ის ისეთ ამბებს მომიყვებოდა, რაც მანამდე არავისთვის მოუყოლია. მისთვის მე შოპენს და მოცარტს ვუკრავდი და ამაყი ვარ ამით, საოცარი მსმენელი იყო.
გვესაუბრე მეორე პროფესიის, ტელეწამყვანობის შესახებ…
მიყვარდა ადამიანები, შემდგომ დავინტერესდი ფსიქოლოგიით, მაინტერესებდა ადამიანი, ვიყავი საკუთარი თავის ძიებაში, მუსიკას რაც შეეხება, თითზე მივიღე ტრავმა, მყავდა უკვე სამი შვილი და ვფიქრობდი პროფესიაზე, ერთმანეთთან შევაჯერე საზოგადოების სიყვარული, ფსიქოლოგია და ვფიქრობ, რომ ბედნიერი ვარ, ჩემი რესპონდენტი მუდამ გრძნობს, რომ მისი ისტორია გულწრფელად მაინტერესებს. როდესაც ნიკა გვარამია დამთანხმდა ინტერვიუზე, ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან არაპროფესიონალური გამბედაობა იყო. გამორჩეულად გულწრფელი იყვნენ ბუბა კიკაბიძე, ნიკა გვარამია, კახა კუჭავა და სოფო ჭყონია, ასვე მარინა ბერიძე. როდესაც გადავწყვიტე „სთორისნაირი“ ფორმატის გადაცემა გამეკეთებინა, დავიწყეთ ნულიდან, ჩემი მეუღლე იყო ის, ვინც მეუბნებოდა, ეს უნდა გააკეთოო. შემდეგ შევხვდი ინგა გრიგოლიას და მისი სიტყვებიც გადამწყვეტი გახდა. სახლის პირობებში დავიწყეთ გადაცემების გაკეთება, ონლაინ სტუმრები მყავდა. ავეჯი გავიტანე, საგრიმიორო მოვაწყვე, მეშინოდა, ოჯახის წევრები არ გაქცეულიყვნენ. გადაცემის ასეთ პოპულარობას არც კი ველოდი. საბოლოოდ, ტელევიზია გახდა ჩემთვის განუყოფელი ნაწილი.
როგორ ათავსებ ამ ყველაფერს?
შრომას ბავშვობიდანვე შეჩვეული ვარ და ეს ჩემთვის ორგანულია, ეს ყველაფერი მეხმარება, არ ვიღლები, მინდა, ყველაფერში ვიყო ჩართული. ჩემი გადაცემის ყველაზე დიდი შემფასებლები არიან სანდრო და დედა, ისინი მუდამ კრიტიკულები არიან.
თათია და სამზარეულო…
სხვათა შორის, ძალიან გემრიელი კერძების მომზადება შემიძლია, მეგრული და აფხაზური სისხლი მაინც არის ჩემში, პერიოდულად მაქვს მომენტები, როცა მომწონს მომზადება, თუმცა იშვიათად ხდება ხოლმე ეს ყველაფერი, ვაღიარებ, ეს ჩემი მაინც არ არის.
როგორი დედა ხარ?
ვცდილობ, არ დავარღვიო მათი პირადი სივრცე, ჩვენ კარგად გამოგვდის მეგობრობა, ვენდობით ერთმანეთს. არ ვარ ზოგადად მკაცრი დედა. მე მათ თავის წილ თავისუფლებას ვაძლევ და მათგან ვიღებ პატივისცემას. გვაქვს მხიარული ოჯახი, არის მუდამ ჟრიამული.
რამდენად ხშირად ეხვევი სკანდალებში?
არ ვეხვევი, უკონფლიქტო ადამიანი ვარ, ზოგჯერ ვთმობ კიდეც პოზიციებს, ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ, არ მიყვარს, როცა ადამიანი ჩემზე ნაწყენია. რაც შეხება განქორწინებას, მე არ მქონია ხმაურიანი განქორწინება. ზოგადად, ორი ადამიანის ურთიერთობა მათზე უკეთ არავინ იცის. ის ადამიანები, რომლებიც მე გულს მტკენდნენ, ის მედიაპორტალები, რომლებიც ჩემზე ცუდს წერდნენ, ახლა ჩემ მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავენ.